WTA-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ეშლი ბარტიმ მოიგო
WTA-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ეშლი ბარტიმ მოიგო

ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) 2019 წლის სეზონი შემაჯამებელი ტურნირის ფინალით დასრულდა.

ჩინეთის ქალაქ შენჟენში გადამწყვეტ მატჩში მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ავსტრალიელი ეშლი ბარტი უკრაინელ ელინა სვიტოლინას ხვდებოდა. ბარტიმ ჯგუფურ ეტაპზე ერთი მატჩი წააგო და გაუჭირდა ფინალამდე მისვლა, სვიტოლინამ კი ყველა თამაში მოიგო და ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

ფინალში ავსტრალიელმა ოდნავ უფრო უკეთ ითამაშა და სეზონის ბოლო ტურნირიც მას დარჩა. შეხვედრა საათი და 28 წუთი გაგრძელდა და ბარტიმ ორ სეტში მოიგო – 6:4, 6:3.

პირველი სეტის საწყისი რვა გეიმი ჩოგბურთელებმა ისე გაიარეს, რომ არცერთი ბრეიკ-პოინტი არ მოუპოვებიათ. მეცხრე გეიმში პირველი ასეთი შანსი მიიღო სვიტოლინამ, მაგრამ ვერ გამოიყენა. მომდევნო გეიმში კი უკვე სამი ბრეიკ-პოინტი ბარტიმ გამოიმუშავა და მესამე ცდიდან შეასრულა ბრეიკი, რაც სეტის მოგებას ნიშნავდა.

მეორე სეტში ბრეიკები უფრო მეტი იყო, ვიდრე საკუთარ გეიმებში აღებული მოწოდებები. ჯერ ბრეიკით სვიტოლინა დაწინაურდა, შემდეგ ბარტი, მაგრამ ორივეჯერ თანაფარდობა აღდგა. როცა ავსტრალიელმა მერვე გეიმში მესამედ აიღო მეტოქის მოწოდება, ამას უკრაინელმა ვეღარ უპასუხა და შარშან მოპოვებული ტიტული დათმო.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ეს ჩოგბურთელები ხუთჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ხუთივე მატჩი სვიტოლინას ჰქონდა მოგებული.

ეშლი ბარტი პირველი ავსტრალიელია 1976 წლის შემდეგ, ვინც სეზონის ფინალი მოიგო. გარდა ამისა, ის მეხუთე ჩოგბურთელია, რომელმაც ტურნირი დებიუტანტის რანგში აიღო. ამ გამარჯვებისთვის, ეშლიმ 4.2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც უდიდესი ჰონორარია მამაკაცთა და ქალთა ჩოგბურთში.

23 წლის ბარტიმ 2019 წელს კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა. მან ჯამში ოთხი ტურნირი მოიგო, მათ შორის, ერთი „დიდ სლემზე“ – როლან გაროსი. ასევე გაიმარჯვა მაიამისა და ბირმინგემში. ავსტრალიელი 2019 წელს პირველი ჩოგანის რანგში ასრულებს.