წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ციციპასი და ტიმი ითამაშებენ
წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ციციპასი და ტიმი ითამაშებენ

ლონდონში, ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ერთმანეთს ბერძენი სტეფანოს ციციპასი და ავსტრიელი დომინიკ ტიმი შეხვდებიან.

მეორე ნახევარფინალში ტიმი ტურნირის მოქმედ ჩემპიონს ალექსანდრ ზვერევს ეთამაშებოდა. პრაქტიკულად თანაბარ მატჩში ავსტრიელმა საკუთარი შანსები უკეთ გამოიყენა  და ამის ხარჯზე საათსა და 35 წუთში გაიმარჯვა – 7:5, 6:3.

ტიმმა ორივე სეტის თითო გეიმში გამოიმუშავა ბრეიკ-პოინტები და ორივეჯერ შანსი გამოიყენა – პირველ სეტში მე-12 გეიმში და მეორეში – მეექვსე გეიმში. ზვერევს ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ერთხელაც ვერ მივიდა ბრეიკამდე.

შეგახსენებთ, რომ პირველ ნახევარფინალში სტეფანოს ციციპასმა 6:3, 6:4 მოუგო როჯერ ფედერერს.

ტიმსა და ციციპასს შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიშია – 4:2 ავსტრიელის სასარგებლოდ. წელს მათ ერთხელ ითამაშეს ერთმანეთის პირისპირ – გასულ თვეში პეკინის ტურნირის ფინალში ტიმმა მოიგო.