წლის ბოლო ტურნირი სტეფანოს ციციპასმა მოიგო
წლის ბოლო ტურნირი სტეფანოს ციციპასმა მოიგო

ბერძენი სტეფანოს ციციპასი ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ტრიუმფატორი გახდა. მან დამაჯერებლად გაიარა მთელი ტურნირი, ჯგუფში მხოლოდ რაფაელ ნადალთან წააგო და კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია. ფინალში სტეფანოსმა ავსტრიელი დომინიკ ტიმი სამსეტიან მარათონში დაამარცხა.

პირველი სეტი უბრეიკო იყო. ციციპასმა სამი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, ტიმმა – ორი. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელშიც მცირე უპიტარესობა ავსტრიელს ჰქონდა. მეორე სეტის სტარტი ტიმმა ჩააგდო – ზედიზედ ოთხი გეიმი წააგო და პარტიის ბედი გადაწყვეტილი იყო.

მეორე სეტის სტარტიც ციციპასისა იყო. მართალია, მან პირველ გეიმში ორი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, მაგრამ მესამე გეიმში შეძლო მეტოქის მოწოდების აღება და მიუახლოვდა ტიტულს, მით უმეტეს, ბერძენი ქულას არ თმობდა საკუთარ გეიმებში. მაგრამ, ტიმმა თითქმის უიმედო მდგომარეობიდან გამოძრომა მოახერხა და მეექვსე გეიმში უკუბრეიკი შეასრულა. ინიციატივა უკვე ტიმის მხარეს გადავიდა და უკვე ის იგებდა თავის გეიმებს „მშრალი“ ანგარიშით.

საბოლოოდ, დაინიშნა მატჩში მეორე ტაი-ბრეიკი, რომელიც შესანიშნავად დაიწყო ციციპასმა, ზედიზედ ორი მინი-ბრეიკი გააკეთა და 4:1 დაწინაურდა. ამას ორი მინი-ბრეიკი მოჰყვა ტიმისგან, შემდეგ ერთი ციციპასისგან და ცოტა ხანში, ბერძენმა ორმაგი მატჩბოლი მიიღო და პირველივე ცდიდად მოიგო მატჩი – 6:7(6), 6:2, 7:6(4).

აღსანიშნავია, რომ ციციპასმა შარშან მოიგო შემაჯამებელი ტურნირი ახალგაზრდებს შორის, ახლა კი უკვე „დიდების“ ანალოგიურ ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, წლის შემაჯამებელ ტურნირზე ჯგუფიდან ვერ გავიდნენ რეიტინგის ლიდერები – რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი. ეს იმას ნიშნავდა, რომ 2019 წელს პირველი ჩოგანის რანგში ნადალი დაასრულებს – მეხუთედ კარიერაში.

საინტერესოა, რომ ბოლო ოთხი წელია, სეზონის დასკვნით ტურნირს ვერ იგებენ ვერც ნადალი, ვერც ფედერერი და ვერც ჯოკოვიჩი.