წითელ ჯვარში აცხადებენ, რომ მათი ჯგუფი, რომელიც მარიუპოლში მშვიდობიანი მცხოვრებლების ევაკუაციისთვის მიემართებოდა, გზაში გააჩერეს
წითელ ჯვარში აცხადებენ, რომ მათი ჯგუფი, რომელიც მარიუპოლში მშვიდობიანი მცხოვრებლების ევაკუაციისთვის მიემართებოდა, გზაში გააჩერეს

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჯგუფი, რომელიც მარიუპოლში მშვიდობიანი მცხოვრებლების ევაკუაციისთვის მიემართებოდა, გზაში გააჩერეს. როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ჯეისონ სტრაზიუსომ განაცხადა.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ჯგუფი დააკავეს „მილიციის თანამშრომლებმა“, თუმცა ტყვედ აყვანაზე საუბარი არ არის. წითელი ჯვრის თანამშრომლები და მოხალისეები მარიუპოლიდან 20 კილომეტრში მდებარე დასახლებულ პუნქტში იმყოფებიან.

ამასთან, უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, წითელი ჯვრის კოლონა, რომელიც შვიდი ავტობუსისგან შედგება, ქალაქ მანგუშშია ბლოკირებული.

„დღევანდელი დღის განმავლობაში ევაკუირებულია სულ 3 376 ადამიანი. მარიუპოლიდან, ასევე ბერდიანსკიდან სახელისუფლებო ავტოტრანსპორტით, ჰუმანიტარული დერეფნებით ზაპოროჟიემდე მივიდა 2 405 ადამიანი, აქედან მარიუპოლიდან 1553 ადამიანი. ასევე 805 ადამიანი ზაპოროჟიეს ოლქში ჩავიდა პოლოგოვიდან, ვასიელიევკადან, მელიტოპოლიდან. შვიდი ავტობუსისგან შემდგარი კოლონა, რომელიც მიემგზავრებოდა მარიუპოლიდან ხალხის ევაკუაციისთვის წითელი ჯვრის დელეგაციის თანხლებით, კვლავ ბლოკირებულია ქალაქ მანგუშში“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.