წიტაიშვილს ტრავმის გამო ორი კვირა გაუცდება #1TVSPORT
წიტაიშვილს ტრავმის გამო ორი კვირა გაუცდება #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ ოდესის „ჩერნომორეცში“ იჯარით გავიდა, ტრავმის გამო გარკვეულ დროს გამოტოვებს, – ინფორმაციას უკრაინული გამოცემები ავრცელებენ.

კიევის „დინამოს“ 20 წლის ფლანგის შემტევ ნახევარმცველს კუნთის დაზიანება დაუდგინეს. წიტაიშვილი „ჩერნომორეცში“ გადასვლის შემდეგ დაშავდა. კლუბის სამედიცინო სამსახურის ცნობით, სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს დაახლოებით ორი კვირა გაუცდება.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა გასული სეზონის მეორე ნაწილი იჯარით „ვორსკლაში“ გაატარა, მაგრამ მარტში ტერფის მძიმე ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ კიევის „დინამომ“ ოდესის „ჩერნომორეცში“ გიორგი წიტაიშვილთან ერთად იჯარით, კიდევ 11 ფეხბურთელი გაუშვა.

წიტაიშვილი უკრაინაშია გაზრდილი, მაგრამ წელს საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და „ჯვაროსნებში“ თამაშის სურვილი გამოხატა.