წიტაიშვილს ლუჩესკუსთან მუშაობა მოეწონა - მისი ნდობა მაიმედებს, რომ ბევრი რამ შემიძლია
წიტაიშვილს ლუჩესკუსთან მუშაობა მოეწონა - მისი ნდობა მაიმედებს, რომ ბევრი რამ შემიძლია

კიევის „დინამოს“ ოფიციალურმა ვებგვერდმა ქართველ თავდამსხმელს, გიორგი წიტაიშვილს ინტერვიუ ჩამოართვა, რომელიც მიიჩნევს, რომ ახალი მთავარი მწვრთნელი, მირჩა ლუჩესკუ მეტ გასაქანს მისცემს.

საქმე ისაა, რომ კიეველთა ახალმა მწვრთნელმა დანიშვნის დროს აღნიშნა, რომ „დინამოში“ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის შესაძლებლობა ხიბლავს.

„მწვრთნელის ნდობა გამოიხატება იმაში, რომ მუდმივად გელაპარაკება. ვარჯიშის დროს, თუ რამე არ გამომდის, მოდის და მაშინვე მელაპარაკება, რა უნდა გამოვასწორო. მას პირადად უკვე ორჯერ ვესაუბრე. მან ბევრი რამ ამიხსნა და მასწავლა. ამავე დროს, ლუჩესკუ გარკვეულ თავისუფლებას მაძლევს. არ ვსაუბრობ ზედმეტ ინდივიდუალიზმზე, არამედ, შეტევის ზონაში იმპროვიზაციის შესახებ – ეს ნდობა მაიმედებს, რომ ბევრი რამ შემიძლია“, – ამბობს წიტაიშვილი.

19 წლის თავდამსხმელი გახარებულია, რომ შემოქმედებითი თავისუფლება ეძლევა: „ლუჩესკუ ამბობს, რომ უნდა დავიცვათ გარკვეული კანონები, მაგრამ მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედნის მახლობლად, თამაში შესაძლოა, განვითარდეს სრულიად არაპროგნოზირებადად, რადგან მოწინააღმდეგეები რობოტები არ არიან და მათი მოქმედებების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, აქ შეგვიძლია გამოვიჩინოთ ინიციატივა და ამ მონაკვეთში მატაობა არ გვეკრძალება, მაგრამ დაცვასა და შუა ხაზში, ტაქტიკური მონახაზი და დავალებები მკაცრად უნდა დავიცვათ. ჩემი აზრით, ეს ასეც უნდა იყოს“.

გიორგი ამბობს, რომ ახალ სეზონს მოუთმენლად ელის: „ჩვენ ყველას ველოდებით ჩემპიონატის დაწყებას, რადგან ყველა ელოდება რაღაც განსაკუთრებულს და ჩვენც მოლოდინში ვართ. დიდი დრო არ გვაქვს იმისთვის, რომ საფუძვლიანად გავიგოთ ყველაფერი და სრულყოფილად შევასრულოთ, მაგრამ ვცდილობთ, რომ ახალი მეთოდები რაც შეიძლება სწრაფად აღვიქვათ. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოგვივა“.