წიტაიშვილმა უარი თქვა - ქართველ თავდამსხმელს კიევის „დინამოში“ დაბრუნება არ სურს #1TVSPORT
წიტაიშვილმა უარი თქვა - ქართველ თავდამსხმელს კიევის „დინამოში“ დაბრუნება არ სურს #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილს კიევის „დინამოში“ დაბრუნება არ სურს – ინფორმაციას „ფუტბოლ გაზეტა“ ავრცელებს. საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელის ტრანსფერი უკრაინულ გრანდს ეკუთვნის, იჯარით კი პოლტავის „ვორსკლაში“ გადავიდა, მაგრამ ტრავმის გამო მარტიდან მოყოლებული მკურნალობს და არ თამაშობს.

„ჩვენი გაზეთის ცნობით, 20 წლის ფეხბურთელს პოლტავას „ვორსკლაში” დარჩენა სურს, სადაც იჯარით თამაშობს,“ – წერს გამოცემა.

წიტაიშვილი კიევის „დინამოს“ აღზრდილი და მისი კლუბისადმი ასეთი დამოკიდებულება რთული ასახსნელი იქნებოდა, რომ არა მისი გადაწყვეტილება – გიორგიმ მარტის დასაწყისში უკრაინულ პასპორტზე უარი თქვა, საქართველოს მოქალაქეობა დაიბრუნა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება მიიღო. ასეთი სტატუსით და პასპორტით კი კიევის „დინამოში“ გასაქანს არ მისცემენ.

„ფუტბოლ გაზეტა“ ქართელი თავდამსხმელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც წერს:

„სერიოზული ტრავმის შემდეგ წიტაიშვილი გამოჯანმრთელდა. მისი საიჯარო ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს მთავრდება“.