წიტაიშვილმა არჩევანი გააკეთა - ქართველი ვარ, მაგრამ უკრაინამ მეტი მომცა
წიტაიშვილმა არჩევანი გააკეთა - ქართველი ვარ, მაგრამ უკრაინამ მეტი მომცა

კიევის „დინამოსა“ და უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის ეროვნულ ნაკრებში მიწვევას ელის. კიევის „დინამოს“ 19 წლის ფეხბურთელის ეს კომენტარი გამოცემა „სპორტმა“ (sport.ua) გაავრცელა.

„მე „დინამომ“ გამზარდა და 21 წლამდე სხვადასხვა ასაკის უკრაინის ნაკრებებში მიძახებდნენ. თავს ქართველად ვთვლი, მაგრამ უკრაინამ მეტი მომცა. რაც შეეხება ეროვნულ გუნდში მიწვევას, მას დიდი ხანია ველოდები. ახლა ყველას ესმის, რომ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. რაც უფრო სწრაფად დავიწყებ კიევის „დინამოს“ პირველ გუნდში სტაბილურად თამაშს, ნაკრებში მით უფრო სწრაფად მოვხვდები. საჭიროა თამაში. ამისთვის კი დრო და შანსი მჭირდება. შემდეგ კი ნაკრების ხელმძღვანელობამ გადაწყვიტოს, სათამაშოდ მზად ვარ თუ არა“, – ამბობს გიორგი წიტაიშვილი.

გიორგი წიტაიშვილი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია – 19 წლის ფეხბურთელმა ეს 2019 წელს, უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში პოლონეთში გამართულ ახალგაზრდულ „მუნდიალზე“ მოახერხა.