წიტაიშვილის სატრანსფერო ფასმა მილიონს გადააჭარბა
წიტაიშვილის სატრანსფერო ფასმა მილიონს გადააჭარბა

გიორგი წიტაიშვილის სატრანსფერო ფასი გაიზარდა და 900 ათასი ევროს ნაცვლად ახლა 1,5 მილიონი ევროა – კიევის „დინამოს“ წარმოშობით ქართველი თავდამსხმელის შეფასება გერმანულმა სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტმა“ განაახლა.

გიორგი წიტაიშვილი 2019 წელს პოლონეთში გამართულ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან გადამწყვეტ შეხვედრაში სამხრეთ კორეასთან (3:1) მესამე გოლი გაიტანა და ფინალის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. 2019 წელს უეფამ ევროპის 50 გამორჩეულ ახალგაზრდა მოთამაშეს შორის დაასახელა, წელს კი კიევის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა.

უცხოეთის მოქალაქეობის მქონე ქართველებში ყველაზე ძვირადშეფასებული ფეხბურთელი კვლავ მოსკოვის „სპარტაკის“ კაპიტანი და რუსეთის ნაკრების მცველი გიორგი ჯიქიაა, რომლის სატრანსფერო ფასიც 9 მილიონი ევროა. წიტაიშვილი გიორგი მელქაძესთან ერთად („ახმატი“, რუსეთი) მეორე-მესამე ადგილებს იყოფს, ხოლო მეოთხე-მეხუთე ადგილებზე მილიონ ევროდ შეფასებული აკაკი გოგია (გერმანია, ბერლინის „უნიონი“) და კონსტანტინე მარადიშვილი (რუსეთი, ცსკა) არიან.