წიტაიშვილი პოლონეთში - ქართველი „ვისლაში“ ზაფხულამდე ითამაშებს #1TVSPORT
წიტაიშვილი პოლონეთში - ქართველი „ვისლაში“ ზაფხულამდე ითამაშებს #1TVSPORT

გავრცელებული ცნობების მიხედვით, გიორგი წიტაიშვილი კარიერას პოლონურ კლუბში, გააგრძელებს – კონკრეტულად ექსტრაკლასას კრაკოვის „ვისლაში“.

კიევის „დინამოს“ ქართველი შემტევი უკრაინაში რუსული აგრესიის დროს ოდესის „ჩერნომორეცში“ იყო იჯარით, მაგრამ ომმა სეზონი ჩაშალა, საქართველოში ჩამოვიდა და დროებით თბილისის „დინამოში“ ვარჯიშობდა.

21 წლის შემტევის დამატებით „ფერენცვაროში“ იყო დაინტერესებული და კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ საბოლოოდ უნგრეთის ჩემპიონისა და წიტაიშვილის შეთანხმება ვერ მოხერხდა, გიორგიმ კი, „ჯეო თიმისა“ და „ქომაგების“ ცნობით, პოლონეთში თამაში ამჯობინა, სადაც მხოლოდ ორი თვე გაჩერდება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან, „ჩერნომორეციდან“ წამოვიდა კიდევ ერთი ქართველი, ბექა ვაჩიბერაძე, რომელმაც ქუთაისის „ტორპედოში“ სადებიუტო თამაში ეროვნული ლიგის ბოლო ტურში წყალტუბოს „სამგურალთან“ ჩაატარა. უკრაინაში, ხარკოვის „მეტალისტში“ თამაშობდა საბა კვირკველიაც, მოსამზადებელი ეტაპი გაიარა და ფორმაში შედიოდა, მაგრამ ისიც უკლუბოდ დარჩა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველის ახალი კლუბი კრაკოვის „ვისლა“ პოლონეთის ერთ-ერთი უძველესი საფეხბურთო კლუბია (დაარსდა 1906 წელს), არის ქვეყნის 13-გზის ჩემპიონი და 14-გზის ვიცე-ჩემპიონი, პოლონეთის თასის მფლობელი 4-ჯერ გახდა, ხოლო სუპერთასის – ერთხელ (2001). ამჟამად ექსტრაკლასაში მე-16 ადგილზეა. ეს კლუბი ქართველ გულშემატკივარსაც ახსოვს – 2004 წელს „დინამო თბილისი“ უეფა-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე სწორედ „ვისლას“ დამარცხებით მოხვდა.