წიტაიშვილი პირველი ტურის შემდეგ „გოლდენ ბოის“ სამეულშია
წიტაიშვილი პირველი ტურის შემდეგ „გოლდენ ბოის“ სამეულშია

კიევის „დინამოს“ ქართველი შემტევი ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი „გოლდენ ბოის“ (Golden Boy) კენჭისყრის პირველი ტურის შემდეგ საუკეთესო მოთამაშეთა პირველ ხუთეულში მოხვდა და მეორე ტურში გავიდა.

უკრაინასთან ერთად, 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონმა 20-წლამდელებში, გიორგი წიტაიშვილმა დიდი რაოდენობით ხმა მიიღო და „გოლდენ ბოის“ ტიტულის მაძიებელთა შორის დარჩა.

გამოკითხვას იტალიური გამოცემა „ტუტოსპორტი“ ატარებს, რომელმაც თავდაპირველად 100 ნიჭიერი ახალგაზრდა შეარჩია, შემდეგ ეტაპზე კი 80 გავიდა.

საინტერესოა, რომ ხმების რაოდენობით პირველ ტურში წიტაიშვილი ტოპ-ხუთშია. მან მიიღო ხმების 8% და მესამეა – 19 წლის ქართველი მხოლოდ ლისაბონის „სპორტინგის“ მოთამაშე რიკარდო ქვარეჟმას (9%, 6159 ხმა) და „იუვენტუსის“ წევრ ალესანდრო მარკესს (9%, 6532 ხმა) ჩამორჩება.

შედარებისთვის, 2019/2020 წლების გამონათებამ, დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადასულმა ერლინგ ჰოლანდმა, ისევე, როგორც მეისონ გრინვუდმა, ხმების მხოლოდ 3% მიიღო, ხოლო ალფონსო დევისმა – 4%.

საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ გულშემატკივრების ხმების საფუძველზე, ასევე ჟურნალისტების გამოკითხვით. ხმის მიცემა „ტუტოსპორტის“ ვებგვერდზეა შესაძლებელი.

„გოლდენ ბოის“ ჯილდო ენიჭება ევროპის საუკეთესო 21 წლამდე ასაკის ფეხბურთელს. ამჟამინდელი გამარჯვებული „ატლეტიკოს“ მოთამაშე ჟოაუ ფელიშია.