წიტაიშვილი კიევის „დინამოში“ ვარჯიშობს - ქართველმა შვეიცარიელებთან ითამაშა #1TVSPORT
წიტაიშვილი კიევის „დინამოში“ ვარჯიშობს - ქართველმა შვეიცარიელებთან ითამაშა #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილი, რომელმაც წინა სეზონის მეორე ნაწილი იჯარით კრაკოვის „ვისლაში“ გაატარა, კიევის „დინამოში“ ვარჯიშობს.

უკრაინული გუნდი ამჟამად შვეიცარიაში იმყოფება, სადაც არაერთ სპარინგ-მატჩს გამართავს. პირველი ივერდონ-ლე-ბეენის მუნიციპალურ სტადიონზე ითამაშა „ივერდონთან“, რომელიც შვეიცარიის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში (ჩელენჯლიგა) თამაშობს და 1:1 დაასრულა.

საქართველოს ნაკრების მარცხენა ფლანგელი „დინამოს“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს. გიორგი წიტაიშვილი შეტევის ფლანგზე ათამაშეს და კიეველთა შექმნილი რამდენიმე საგოლე შესაძლებლობიდან ერთი ქართველის ფლანგურ გადაცემას მოჰყვა, მაგრამ მისმა თანაგუნდელმა ამ შესაძლებლობით ვერ ისარგებლა.

კიეველები ახალი სეზონისთვის სამზადისთან ერთად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსაც არ ივიწყებენ – მათი ყველა საერთაშორისო ამხანაგური მატჩი საქველმოქმედო მიზნებისთვის იმართება სლოგანით – „თამაში მშვიდობისთვის. შეაჩერე ომი“. შემოსული თანხა მოხმარდება უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული უდიდესი ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრას.

„დინამო“ მომდევნო მატჩს შვეიცარიულ შეკრებაზე 29 ივნისს გამართავს „ლოზანასთან“, რომელიც გასულ ჩემპიონატში უმაღლეს დივიზიონში, შვეიცარიის სუპერლიგაში თამაშობდა, მაგრამ სეზონის ბოლოს დაქვეითდა და ახლა ჩელენჯ ლიგისთვის ემზადება.

კიეველები ახალ სეზონში პირველ ოფიციალურ შეხვედრას 20 ივლისს გამართავენ, როდესაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ფენერბახჩეს“ დაუპირისპირდებიან. მატჩი პოლონეთში, ქალაქ ლოძში გაიმართება.