წიტაიშვილი კიევის „დინამოს“ წინააღმდეგ ითამაშებს - მისთვის ეს კიევში დაბრუნების შანსია #TVSPORT
წიტაიშვილი კიევის „დინამოს“ წინააღმდეგ ითამაშებს - მისთვის ეს კიევში დაბრუნების შანსია #TVSPORT

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ თავდამსხმელს, გიორგი წიტაიშვილს შანსი მიეცემა, რომ საკუთარი კლუბის წინააღმდეგ ითამაშოს და თავის გამოჩენის შემთხვევაში, კლუბში დაბრუნდეს.

საქმე ისაა, რომ კიევის „დინამომ“ ოდესის „ჩერნომორეცს“ უფლება მისცა, რომ უახლოეს მატჩში კიევური კლუბიდან იჯარით დამატებული ფეხბურთელები მათ წინააღმდეგ ათამაშოს. უკრაინელი საფეხბურთო მიმომხილველის, მიხეილ სპივაკოვსკის თქმით, ამის ინიციატორი კიეველთა მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ იყო.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად არსებობდა ვერსია, კიევიდან ოდესაში იჯარით წასული ფეხბურთელები, ევგენი სმირნი, მოჰამედ კადირი და გიორგი წიტაიშვილი „ჩერნომორეცს“ ამ შეხვედრაში ვერ დაეხმარებოდნენ, რადგან ასეთი იყო გუნდებს შორის შეთანხმება.

ასევე, „დინამოს“ პრეზიდენტმა იგორ სურკისმა სპივაკოვსკის განუცხადა, რომ თუ ოდესელების მიერ დაქირავებული ფეხბურთელები კიევის „დინამოს“ შესაბამისი პოზიციის ფეხბურთელებზე უკეთ ითამაშებენ, მათ ადგილებს გაუცვლიან.

ოდესის „ჩერნომორეცს“ კიევის „დინამოსთვის“ უკრაინის პრემიერლიგის მე-15 ტურში 19 ნოემბერს უნდა ემასპინძლა, მაგრამ „დინამოს“ მწვრთნელის, მირჩა ლუჩესკუს სურვილი იყო, რომ ოდესაში დაგეგმილი მატჩი კიევში გადაეტანათ.

„დინამომ“ სხვა კლუბებსაც იგივე სთხოვა, რომელთანაც შემოდგომაზე მატჩები კიევში არ იყო დაგეგმილი – ეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისთვის კიევური გუნდის უკეთ მომზადების მიზნით გაკეთდა.