წიტაიშვილი კიევის „დინამოდან“ არ მიდის - მსოფლიოს ჩემპიონობა დიდი ემოციაა
წიტაიშვილი კიევის „დინამოდან“ არ მიდის - მსოფლიოს ჩემპიონობა დიდი ემოციაა

„მსოფლიო ჩემპიონობა ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ ეს ჩემი ქართველი მეგობრებისთვის, შესაძლოა, მაგალითი იყოს, რომ ვარჯიში შედეგს აუცილებლად მოიტანს. ქართველებს ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს და მჯერა, ისინი შრომით დიდი წარმატებებს მიაღწევენ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი წიტაიშვილი.

18 წლის ფეხბურთელმა პოლონეთში დასრულებულ მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა. გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინის ნაკრებმა სამხრეთ კორეა ანგარიშით 3:1 დაამარცხა, მესამე გოლი კი კიევის „დინამოს“ წარმოშობით ქართველმა თავდამსხმელმა გაიტანა, რომელიც ფინალის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

ისრაელში დაბადებული, კვიპროსში ნაცხოვრები და უკრაინაში გაზრდილი გიორგი წიტაიშვილი თავის შთაბეჭდილებებს საქართველოს პირველ არხს უზიარებს – „მსოფლიოს ჩემპიონატზე შვიდი შეხვედრა ჩავატარეთ, რამაც უდიდესი ძალა წაგვართვა. თუმცა, მსოფლიოს ჩემპიონობა დიდი სიხარულია და დღემდე ემოციები არ განელებულა“.

მან კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც თურქული „ბეშიქთაში“ იწვევს – „თუ დამიჯერებთ, მე პირადად არავინ დამლაპარაკებია და არც კიევის „დინამოში“ უთქვამთ, რომ ჩემს შესახებ მოლაპარაკება დაიწყეს. ჩემი მიზანია, რომ ადგილი „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში დავიმკვიდრო. ეს ისეთი დიდი კლუბია, სადაც თავის გამოჩენის შემთხვევაში, „ბეშიქთაშზე“ არანაკლები კლუბები დაინტერესდებიან. ასე რომ, ჯერ კლუბის შეცვლაზე არც ვფიქრობ და მთავარია, „დინამოში“ ვითამაშო“.

დატოვე კომენტარი