უკრაინელი ჟურნალისტის მტკიცებით, წიტაიშვილი კარიერას „ჩერნომორეცში“ გააგრძელებს #1TVSPORT
უკრაინელი ჟურნალისტის მტკიცებით, წიტაიშვილი კარიერას „ჩერნომორეცში“ გააგრძელებს #1TVSPORT

კიევის „დინამოს“ შემტევი ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი, სავარაუდოდ, შემდეგ სეზონს სხვა კლუბში გაატარებს, – ამას ჟურნალისტი ოლეგ იაშჩუკი თავის „ინსტაგრამის“ გვერდზე იუწყება.

„დინამო“ შვეიცარიაში მეორე შეკრებაზე გაემგზავრა, მათ შორის კი 20 წლის ქართველი არ აღმოჩნდა. მაგრამ ის პოლტავის „ვორსკლაში“ ნამდვილად არ დაბრუნდება და სავარაუდოდ, ოდესის „ჩერნომორეცში“ გადავა“, – წერს უკრაინელი ჟურნალისტი.

გიორგი წიტაიშვილს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, როდესაც მან უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა და საქართველოს პასპორტი დაიბრუნა. ალბათ, ამის ნაწილია წერილი, რომელიც football24-ში გამოქვეყნდა.

„ახალგაზრდულ დონეზე წიტაიშვილი გამოირჩეოდა სისწრაფითა და ტექნიკით. მაგრამ მას პროფესიონალებში თამაში გაუჭირდა. ინდივიდუალური მოქმედებები ცოტაა, როდესაც გუნდი საკუთარ თავს მაღალ მიზნებს უსახავს. შემდეგ მთავარია ხასიათი და კოლექტიური მოქმედება, რაც მისი პრობლემაა. წიტაიშვილმა სეზონი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ პირველივე მატჩში „ოლიმპიკთან“ მისმა შეცდომამ გოლი გამოიწვია.“

უკრაინული გამოცემა პირდაპირ მიანიშნებს, რომ მისი პრობლემა შეცვლილი მოქალაქეობაა.

„ევრო 2020-ის შემდეგ, აშკარა გახდა, რომ ციგანკოვი კლუბში რჩებოდა. ასე რომ, წიტაიშვილს ელოდებოდა სკამზე ჯდომა და მცირე სათამაშო დრო, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის საუკეთესო ვარიანტი არ არის. უკრაინის მოქალაქეობაზე უარი, როდესაც უკრაინის ნაკრებში 1-2 წლის განმავლობაში ფლანგის ფეხბურთელების დეფიციტი იქნება, სირთულეების თავიდან აცილებისა და ახალი შესაძლებლობების ძებნის სურვილს ჰგავდა. არავინ დაობს, რომ უკრაინის ეროვნულ ნაკრებს უფრო დიდი პერსპექტივა აქვს, ვიდრე საქართველოს. წიტაიშვილის ეს გადაწყვეტილება მას ჩვენს ჩემპიონატში ლეგიონერად აქცევს. ნაზარ ვოლოშინმა თავი კარგად გამოიჩინა ზამთრის სასწავლო ბანაკში. ვფიქრობ, რომ ეს ფეხბურთელი პირველ გუნდში 1 წლის შემდეგ ფეხს მოიკიდებს. თუ მირჩა მასზე ფსონს დადებს, მაშინ წიტაიშვილისთვის წასვლა ჯობია, ჯობია საერთო საქმისთვისაც, რათა სხვისი პურით არ იკვებოს და კარიერის აწყობის შანსი მიეცეს“.