წიტაიშვილი იჯარით „ვორსკლაში“ გადავა
წიტაიშვილი იჯარით „ვორსკლაში“ გადავა

კიევის „დინამოსა“ და უკრაინის ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი უკრაინის ჩემპიონატის მეორე ნაწილს პოლტავასვორსკლაში“ იჯარით გაატარებს – ამის შესახებ პოლტავური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იური მაქსიმოვმა განაცხადა.

„ეს ინფორმაცია სიმართლეა. „ვორსკლა“ გიორგი წიტაიშვილს კიევის „დინამოდან“ სეზონის ბოლომდე იჯარით დაიმატებს. ამ ფეხბურთელის ნახვა ჩემს გუნდში დიდი ხანია მინდოდა“, – განაცხადა „ვორსკლას“ მწვრთნელმა.

გიორგი წიტაიშვილი კიეველთა შემადგენლობაში გასულ სეზონში გამოჩნდა. მაგრამ კიევში მთავარ მწვრთნელად მირჩა ლუჩესკუს დანიშვნის შემდეგ შეხვედრებს, ფაქტობრივად, სკამიდან უყურებს. მიმდინარე სეზონში გიორგიმ კიევურ გუნდში მხოლოდ ოთხჯერ ითამაშა და სულ რაღაც 125 წუთი.

საერთო ჯამში, ფეხბურთელმა „დინამოში“ 24 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ინტერნეტპორტალ Transfermarkt-ის ცნობით, უკრაინის პასპორტის მქონე ქართველი თავდამსხმელის სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება 1,5 მილიონი ევროა.