წარმოუდგენელი სილამაზის გოლი - კაკაბაძემ ქართველების დუელის ბედი გადაწყვიტა [ვიდეო] #1TVSPORT

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-15 ტურში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ, გამარჯვებულის ბედი კი ოთარ კაკაბაძის ფანტასტიკურმა გოლმა გადაწყვიტა, რომელსაც შესაძლოა, წლის გოლის პრეტენზიაც ჰქონდეს.

კრაკოვის „იოზეფ პილსუდსკი არენაზე“ ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ (რომელიც აუტსაიდერთა ზონაშია) ერთ-ერთ ლიდერს, ვაკო გვილიას ჩენსტოხოვასრაკუვს“ უმასპინძლა – ორივე ქართველი ფეხბურთელი სათადარიგოებში იყო და მოედანზე შეცვლაზე გამოჩნდნენ.

ვაკო გვილია „რაკუვის“ მწვრთნელმა 75-ე წუთზე შეტევების გასაძლიერებლად შეუშვა, რადგან ამ დროისთვის სტუმრები 1:0-ს აგებდნენ. კრაკოველები კაკაბაძემ დააწინაურა, რომელიც მოედანზე 61-ე წუთზე შეუშვეს, 8 წუთში კი შედევრი გოლის ავტორი გახდა.

ბომბა კაკაბაძისგან! წარმოუდგენელი სილამაზის გოლი“, – კომენტატორი ემოციას ვერ მალავდა საქართველოს ნაკრების მცველის შესანიშნავი გასროლის შემდეგ. კაკაბაძემ მოგერიებული ბურთი საჯარიმოდან დაახლოებით 20 მეტრში მიიღო და ისეთი სიძლიერით და სიზუსტით დაარტყა, მეკარეს შანსი არ დაუტოვა და „კრაკოვიამ“ 1:0 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ კაკაბაძეს იშვიათად ათამაშებენ, მიმდინარე სეზონში „კრაკოვიას“ ფორმა მხოლოდ მეოთხედ მოირგო და მეორე გოლი გაიტანა. მისი გუნდი 15 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-14-დან მე-10 ადგილზე დაწინაურდა, ხოლო გვილიასრაკუვი“ 26 ქულით მეოთხე ადგილზე დაქვეითდა.