წარმომადგენელთა პალატის საპროცედურო კომიტეტი განიხილავს რეზოლუციას, რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მოუწოდებს, დანიშნოს კაბინეტის სხდომა და შეუჩეროს პრეზიდენტს უფლებამოსილება
წარმომადგენელთა პალატის საპროცედურო კომიტეტი განიხილავს რეზოლუციას, რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მოუწოდებს, დანიშნოს კაბინეტის სხდომა და შეუჩეროს პრეზიდენტს უფლებამოსილება

წარმომადგენელთა პალატის საპროცედურო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ამჟამად განიხილება რეზოლუცია, რომელიც ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს მოუწოდებს, დანიშნოს კაბინეტის სხდომა და შეუჩეროს დონალდ ტრამპს უფლებამოსილება.

„დემოკრატიული პარტიის“ წევრები, რომლებიც წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობას შეადგენენ, მოუწოდებენ ვიცე-პრეზიდენტს, დაუყოვნებლივ აამოქმედოს კონსტიტუციის 25-ე შესწორება და დონალდ ტრამპი პრეზიდენტის თანამდებობისთვის შეუსაბამოდ გამოაცხადონ.

„გამოგვიყვანეთ ამ კოშმარიდან, რომელშიც ჩავიძირეთ ბოლო მოვლენების გამო“, – განაცხადა კონგრესმენმა ჯეიმი რასკინმა.

25-ე შესწორება უფლებას აძლევს ვიცე-პრეზიდენტს, შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობები, როდესაც პრეზიდენტს მოვალეობების შესრულება არ შეუძლია, მაგალითად ფიზიკური ან მენტალური ავადმყოფობის გამო. შესწორების მეოთხე ნაწილი საშუალებას აძლევს ვიცე-პრეზიდენტსა და კაბინეტის უმრავლესობას, პრეზიდენტი მოვალეობების შესრულების უუნაროდ ცნოს.

პრეზიდენტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას თუ გაასაჩივრებს, საბოლოო გადაწყვეტილება კონგრესმა უნდა მიიღოს, სადაც საჭიროა სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრთა ხმების ორ მესამედზე მეტი. ვიდრე კონგრესი საკითხს გადაწყვეტს, პრეზიდენტის მოვალეობებს ვიცე-პრეზიდნეტი ასრულებს.