წარმატებული დებიუტი ამერიკაში - საბა ლობჟანიძემ პირველივე მატჩში გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

საბა ლობჟანიძემ ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატში (MLS) სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და პირველივე მატჩში გოლი გაიტანა, „ატლანტამ“ კი 4:0 მოიგო.

საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა „ატლანტა იუნაიტედთან“ კონტრაქტი 2 აგვისტოს გააფორმა, მას შემდეგ სამუშაოს ვიზას ელოდა. ამის გამო ამერიკაში ოთხი დღის წინ ჩაფრინდა, მაგრამ ახალ გუნდში თავის გამოჩენა სწრაფად შეძლო.

„ატლანტამ“ აღმოსავლეთ კონფერენციის 26-ე ტურის შეხვედრაში „ნეშვილს“ უმასპინძლა. საბა ლობჟანიძე სათადარიგოებში იყო, მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა და 87-ე წუთზე სადებიუტო გოლი გაიტანა.

გოლი ძალიან ეფექტური გამოდგა. საჯარიმოში საბამ ტიაგო ალმადას პასი ქუსლით მისცა, არგენტინელმა ნახევარმცველმა ბურთი დაუბრუნა და ქართველმა მოთამაშემ ქუსლით გაიტანა, გოლი კი თავისთვის ტრადიციული ჟესტით აღნიშნა.

26 ტურის შემდეგ „ატლანტა იუნაიტედმა“ 41 ქულა დააგროვა და პლეი ოფის ზონაში იმყოფება.