წარადგინეს 2028 წლის ოლიმპიადის ლოგო (ვიდეო)

2028 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა თამაშების ლოგო წარადგინეს. ოლიმპიადა რვა წლის შემდეგ ლოს ანჯელესში გაიმართება.

ლოგოზე გამოსახულია ასოები LA და რიცხვი 28. ამასთან ასო A მუდმივად იცვლება, რითაც ხაზს უსვამენ ლოს ანჯელესის მრავალმხრივ ისტორიასა და შესაძლებლობებს.

„ჩვენ ვართ შთაგონებული ადამიანებისა და მამაცი მეოცნებეების საზოგადოება. მოვიდა დრო საკუთარი კვალი დავტოვოთ“, – წერია ლოგოს აღწერაში.

ლოს ანჯელესი 2028 წლის ოლიმპიადის მასპინძლად 2017 წლის სექტემბერში აირჩიეს. ეს ქალაქი ორჯერ იღებდა ზაფხულის თამაშებს – 1932 და 1984 წლებში.