WADA-ს ინფორმატორი რუსეთის სპორტის მინისტრს ამხელს
WADA-ს ინფორმატორი რუსეთის სპორტის მინისტრს ამხელს

მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) ინფორმატორმა, გრიგორი როდჩენკოვმა ​რუსეთის სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკო სადოპინგო შეთქმულების მოწყობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ბრიტანულ გაზეთ The Daily Mail-ს როდჩენკოვის ადვოკატმა, ჯიმ უოლდენმა განუცხადა.

გამოცემის ინფორმაციით, როდჩენკოვმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მოუყვა, რომ სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის დროს, ის პირადად სამჯერ შეხვდა მუტკოს სასტუმროში და მასთან ერთად განიხილავდა თამაშების კორუფციულ და სადოპინგო ნაწილს.

„გეგმის მიხედვით, როდჩენკოვს უკრაინელი კონკურენტის შარდში დოპინგი უნდა ჩაემატებინა, რაც რუს სპორტსმენს მოგების საშუალებას მისცემდა“, – განაცხადა ადვოკატმა.

როგორც ირკვევა, საერთო ჯამში, როდჩენკოვმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კომისიებს 20-ზე მეტი წერილობითი ჩვენება მისცა რუსეთში მოქმედ დოპინგსისტემაზე.