WADA იანიკ სინერის დისკვალიფიკაციას ეცდება #1TVSPORT
WADA იანიკ სინერის დისკვალიფიკაციას ეცდება #1TVSPORT

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს ფიტცჯერალდმა განაცხადა, რომ იტალიელი ჩოგბურთელი იანიკ სინერი დისკვალიფიკაციით უნდა დაისაჯოს ანტისადოპინგო წესების დარღვევის გამო.

გასული წლის მარტში ინდიან უელსის „მასტერსზე“ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა დადებითი დოპინგტესტი ჩააბარა აკრძალულ პრეპარატ კლოსტებოლზე, მაგრამ ჩოგბურთში პატიოსანი თამაშის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტომ იტალიელი უდანაშაულოდ გამოაცხადა. ოქტომბერში WADA-მ სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება.

„WADA-ს მიაჩნია, რომ, მოქმედი წესების თანახმად, არ შეიძლება სინერი უდანაშაულოდ გამოცხადდეს და, შესაბამისად, ის უნდა დაისაჯოს ერთი ან ორი წლით“, – განაცხადა ფიტცჯერალდმა.

ეს ნიშნავს, რომ სინერს შეგნებულადაც რომ არ მიეღო აკრძალული პრეპარატი, ის პასუხისმგებელი უნდა იყოს ნებისმიერ დარღვევაზე, რომელიც მისმა გუნდმა ჩაიდინა.

„თუ სპორტსმენმა, რომელმაც დადებითი ტესტი ჩააბარა აკრძალულ პრეპარატზე, არ უნდა განმარტოს თავის ორგანიზმში დოპინგის მოხვედრა, ამ შემთხვევაში წესის დამრღვევი ძალიან იოლად აიცილებს თავიდან სასჯელს“, – განმარტა  ფიტცჯერალდმა.