„ვორსკლას“ ყოფილი თავდამსხმელი – „დილასთან“ ორი წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდება, ეს მწვრთნელისთვის დიდი პრობლემაა #1TVSPORT
„ვორსკლას“ ყოფილი თავდამსხმელი – „დილასთან“ ორი წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდება, ეს მწვრთნელისთვის დიდი პრობლემაა #1TVSPORT

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლტავის „ვორსკლას“ და გორის „დილას“ მატჩამდე გუნდების შანსებზე „უკრფუტბოლთან“ პოლტავური კლუბის ყოფილმა ფორვარდმა და მთავარმა მწვრთნელმა, ვასილი საჩკომ ისაუბრა. მართალია, მან იმედიანი განცხადებები გააკეთა, მაგრამ ქართული გუნდისადმი სიფრთხილე მაინც გამოავლინა.

„არ მსურს „ვორსკლასა“ და ქართული გუნდის დუელზე რაიმე ზუსტი პროგნოზის გაკეთება. დარწმუნებული ვარ, რომ ვიქტორ სკრიპნიკის გუნდი არ წააგებს. რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, ლამაზ ფეხბურთს დავუჭერ მხარს. გულწრფელად ვუსურვებ პოლტავის გუნდს გამარჯვებას. ახლა უკრაინულ კლუბებს ძალიან უჭირთ ევროტურნირების მატჩების თამაში, რადგან ყველა მატჩს ნეიტრალურ მოედანზე ვატარებთ და გასვლითი შეხვედრებია.

იმედი მაქვს, „ვორსკლა“ პოლონეთში არ წააგებს. ამის წინაპირობები არსებობს, რადგან ანდრეი დემჩენკოს გუნდი ბევრად ძლიერი ნამდვილად არ არის. ქართველებს სათამაშო პრაქტიკა აქვთ და, ბევრის აზრით, ისინი უკეთეს სიტუაციაში არიან. მე კი მგონია, რომ, პირიქით, ეს შესაძლოა, „დილასთვის“ არა პლუსი, არამედ მინუსი იყოს – „ვორსკლას“ ფეხბურთელები ოფიციალური თამაშებით არ არიან დამძიმებულნი და უფრო ენერგულად ითამაშებენ.

სეზონის დაწყებამდე ვიქტორ სკრიპნიკის მთავარი დანაკლისი ერთდროულად ორი მთავარი შემსრულებლის გუნდიდან წასვლაა. „ვორსკლა“ გასული სეზონის ბომბარდირმა, ალბანელმა ტაულანტ სეფერმა და შეტევის კიდევ ერთმა მნიშვნელოვანმა მოთამაშემ, დენის ოლეინიკმა დატოვეს. გასაგებია, რომ ამით თავდასხმის პოტენციალი შემცირდა. „ვორსკლას“ განაცხადში მხოლოდ 17 მოთამაშეა, მათ შორის მხოლოდ ერთი ფორვარდია – რუსლან სტეპანიუკი. დიახ, ის შრომისმოყვარე და გამოცდილი მოთამაშეა, მაგრამ გუნდში ერთი თავდამსხმელი საკმარისი არ არის“, – ამბობს უკრაინელი სპეციალისტი.

პოლტავის „ვორსკლასა“  და გორის „დილას“  შეხვედრა პოლონეთის ქალაქ ტიხიში 27 ივლისს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.