„ვორსკლას“ მწვრთნელი - „დილამ“ მაყურებლით მოიგო, ჩვენ ამ ბედნიერებას მოკლებული ვართ #1TVSPORT
„ვორსკლას“ მწვრთნელი - „დილამ“ მაყურებლით მოიგო, ჩვენ ამ ბედნიერებას მოკლებული ვართ #1TVSPORT

კონფერენს ლიგაზე გორის „დილასთან“ წაგების (1:3) შემდეგ პოლტავის „ვორსკლას“ მთავარი მწვრთნელის, ვიქტორ სკრიპნიკის გადადგომას ითხოვენ, მაგრამ ის თვლის, რომ არსებული რესურსით გუნდმა მაქსიმუმი მოახერხა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს და მივულოცო მეტოქეს. რაც შეეხება მოლოდინებს, არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, ისე ვთამაშობთ, როგორც შეგვიძლია.

ევროტუნირებზე „ვორსკლასგან“ გულშემატკივრები კარგ შედეგს ტყუილად ელოდნენ. მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ყველა მატჩს, ფაქტობრივად, გასვლაზე და ქომაგების მხარდაჭერის გარეშე ვატარებთ. გორში ჩასვლისთანავე ვიცოდით, რა ატმოსფეროშიც მოგვიწევდა თამაში. „დილას“ გამარჯვებისკენ სწორედ მაყურებლის მხარდაჭერამ უბიძგა. ჩვენ კი, სამწუხაროდ, ამას მოკლებული ვართ.

დამარცხების მიზეზი ერთგვარი გაურკვევლობა და გადამწყვეტ მომენტში შეცდომის დაშვების შიში იყო. უნარი, რაც ჩვენ გვაქვს, არ არის საკმარისი დადებითი შედეგის მისაღწევად“, – თქვა სკრიპნიკმა „ვორსკლას“ YouTube-არხზე საუბრის დროს.

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილას“ მეტოქე კვიპროსის აპოელ-ი იქნება. პირველი მატჩი 10 აგვისტოს „დინამო არენაზე“ გაიმართება, ხოლო საპასუხო 17 აგვისტოს კვიპროსში.