„ვორსკლას“ ჩემპიონატის სტარტი გადაუდეს - პოლტაველები „დილასთან“ მატჩისთვის პოლონეთში მოემზადებიან #1TVSPORT
„ვორსკლას“ ჩემპიონატის სტარტი გადაუდეს - პოლტაველები „დილასთან“ მატჩისთვის პოლონეთში მოემზადებიან #1TVSPORT

გორის „დილას“ მეტოქეს, პოლტავის „ვორსკლას“ უკრაინის პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩი „დნიპრო 1“-თან გადაუდეს. ამის გამო გუნდი  გორის „დილასთან“ კონფერენს ლიგის საპასუხო მატჩისთვის პოლონეთში მოემზადება – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

პოლტავის „ვორსკლასა“ და „დნიპრო 1“-ს შორის უკრაინის პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩი 30 ივლისს უნდა გამართულიყო, მაგრამ კლუბის კონფერენს ლიგაზე მონაწილეობის გამო უკრაინის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ პოლტაველების თხოვნა გაითვალისწინა და მატჩი გადაუდო.

გორის „დილასთან“ კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის (2:1) შემდეგ პოლტავის გუნდი პოლონეთში დარჩა და მზადებას იქვე განაგრძობს.

პრესსამსახურის ცნობით, ვიქტორ სკრიპნიკმა ფეხბურთელები ერთი დღით დაასვენა და საპასუხო მატჩისთვის მომზადებას ქალაქ უსტრონში დაიწყებს. შემდეგ უკრაინელები კატოვიცეში გაემგზავრებიან, საიდანაც ჩამოფრინდებიან საქართველოს დედაქალაქ თბილისში, შემდეგ კი გორში ჩავლენ.

„ვორსკლასთვის“ მნიშვნელოვანია, რომ „დილასთან“ ტიხიში გამართული პირველი მატჩის შემდეგ გუნდში ტრავმირებულები არ არიან. პოლტაველები „დილასთან“ საპასუხო მატჩს გორში 3 აგვისტოს გამართავენ.