„ვორიორზმა“ სუპერფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა (ვიდეო)

ტორონტოს „სკოტიაბანკ არენაზე“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) სუპერფინალური სერიის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა. მატჩის პირველი ტაიმი კანადელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით დასრულდა (59:54). შეხვედრაში გადამწყვეტი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც სტივ კერის გუნდმა ანგარიშით 34:21 მოიგო. საბოლოოდ, მოქმედმა ჩემპიონმა 5 ქულის სხვაობით, ანგარიშით 104:109 გაიმარჯვა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

შედეგად „გოლდენ სტეიტმა“ დაიბრუნა საშინაო მოედნის უპირატესობა. სტუმართა შორის საუკეთესო 25 ქულით კლეი ტომპსონი გამოდგა, 23 ქულით დაასრულა შეხვედრა სტეფ კარიმ. დრეიმონდ გრინმა 17 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. მას მორიგ სამმაგ დუბლამდე 1 გადაცემა დააკლდა. 11 ქულითა და 10 მოხსნით ასევე ორმაგი დუბლი გაიფორმა დემარკუს კაზენსმა. ტორონტოელთა შორის საუკეთესო 34 ქულითა და 14 მოხსნით კავაი ლეონარდი გამოდგა. ვანვლეტმა საკუთარ გუნდს 17 ქულა შესძინა. მომდევნო, რიგით მესამე მატჩი ამ ორ გუნდს შორის ამჯერად უკვე „გოლდენ სტეიტის“ მშობლიურ „ორაკლ არენაზე“ 5 ივნისს გაიმართება.