ვოოლაიდის ბოლო მატჩი - ესტონელები ახალ მწვრთნელს ეძებენ
ვოოლაიდის ბოლო მატჩი - ესტონელები ახალ მწვრთნელს ეძებენ

ესტონეთის ნაკრებში მწვრთნელის რანგში ბოლო მატჩი ჩაატარა 18 ნოემბერს თბილისში, საქართველოს ეროვნულ გუნდთან – ეს ჩანაწერი მალე გაჩნდება ესტონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კარელ ვოოლაიდის ბიოგრაფიაში.

საქმე ისაა, რომ ესტონეთის ნაკრები კარელ ვოოლაიდმა 2019 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 13 მატჩი ჩაატარა და ერთი გამარჯვებაც ვერ მოიპოვა. 3 ფრე და 10 წაგება – ასეთია მისი გუნდის შედეგები.

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოს შეხვედრა საქართველოსთან თბილისში ესტონეთის ნაკრების მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს. გარკვეულია, რომ ბალტიისპირელები ჩვენს ჯგუფში ბოლო ადგილს ვერ ასცდებიან და C ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა მოუწევთ.

კარელ ვოოლაიდს კი ესტონეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი საქართველოსთან მატჩის შემდეგ ეწურება. წარუმატებლობიდან გამომდინარე, მისი მოხსნის საკითხი დაისვა, რაც ესტონეთის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტმა აივარ პოჰლაკმა არ უარყო.

„გაუმართლებელია, ამ კითხვას პასუხი საქართველოსთან ბოლო მატჩამდე რომ გავცე,. მაგრამ კარგი იქნებოდა, ვითარება დეკემბრის შუა რიცხვებამდე რომ გაირკვეს და სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება” – თქვა პოჰლაკმადელფი სპორტთან“ ინტერვიუში.