ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრა ხუთ საათს გაგრძელდა, მოლაპარაკებები ხვალ განახლდება
ბერლინში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრა ხუთ საათს გაგრძელდა.
როგორც საერთაშორისო მედია იუწყება, კონსულტაციები ორშაბათს, 15 დეკემბერს გაგრძელდება.
უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც ბერლინში ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა, მოლაპარაკებებამდე საუბარი გამართა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან.
„ამერიკელები, ევროპელები და უკრაინელები მხოლოდ მშვიდობისკენ ისწრაფვიან. რუსეთი აგრძელებს თავის აგრესიულ ომს, თუმცა უკრაინა ძლიერია. საფრანგეთი მხარს უჭერს და მომავალშიც დაუჭერს მხარს უკრაინას მის სწრაფვაში, შექმნას მყარი და გრძელვადიანი მშვიდობა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში შეძლებს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის უზრუნველყოფას. მადლობას ვუხდი ყველა უკრაინელ, ევროპელ და ამერიკელ მომლაპარაკებელს, ვინც ამ მიზნის მისაღწევად გააქტიურდნენ,“ – დაწერა სოციალურ ქსელში საფრანგეთის პრეზიდენტმა.
„გმადლობ შენი მხარდაჭერისთვის, ემანუელ. მიხარია, რომ დღეს შენთან საუბარი შევძელი პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე. ჩვენი ქმედებებით მჭიდრო კოორდინირებას ვახდენთ და ერთად ვმუშაობთ ჩვენი საერთო უსაფრთხოებისათვის“, – დაწერა უკრაინის ლიდერმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაკრონის პოსტზე პასუხად.