ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, შვეიცარია უკრაინის სამშვიდობო სამიტს უმასპინძლებს
ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, შვეიცარია უკრაინის სამშვიდობო სამიტს უმასპინძლებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, შვეიცარია უკრაინის სამშვიდობო სამიტს უმასპინძლებს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

„უკრაინის პრეზიდენტის თხოვნით, შვეიცარია დათანხმდა მშვიდობის ფორმულის შესახებ სამიტის მასპინძლობას. ახლა მიმდინარეობს დამატებით დეტალებზე მუშაობა“, – განაცხადეს შვეიცარიის მთავრობაში.

თავის შვეიცარიელ კოლეგასთან, ვიოლა ამჰერდთან ერთად ბერნში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ზელენსკიმ არ წარადგინა დაგეგმილი სამშვიდობო სამიტის მონაწილეთა სია, თუმცა აღნიშნა, თუ ვისი დასწრება სურს სამიტზე.

„ჩვენ ღია ვართ ყველა ქვეყნისთვის, რომლებიც პატივს სცემენ ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სამშვიდობო სამიტზე, ამიტომ თქვენით გამოიტანეთ დასკვნები იმის შესახებ, თუ ვის ვიწვევთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ, რომ მთელი მსოფლიო ეწინააღმდეგება რუსეთის აგრესიას და მთელი მსოფლიო არის სამართლიანი მშვიდობის მომხრე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

სამიტის ჩატარების დრო ჯერჯერობით უცნობია. ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩინეთი დიდ როლს თამაშობს მსოფლიოში და უკრაინის პრეზიდენტს სურს სამიტში პეკინის მონაწილეობა.

„ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ჩინეთი ჩაერთოს ჩვენს „მშვიდობის ფორმულაში“, ისევე როგორც სამიტში, მაგრამ ყველაფერი არ არის დამოკიდებული ჩვენს სურვილებზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, კრემლმა უარყო დავოსში გამართული მოლაპარაკებები უკრაინის სამშვიდობო წინადადებებზე და განაცხადა, რომ ისინი ვერაფერს მიაღწევენ, რადგან რუსეთი არ არის მოლაპარაკებების ნაწილი.