ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოფილი პრესსპიკერის, იულია მენდელის, ასევე რუსეთთან დაკავშირებული 20 გემის, რუსეთის 29 მოქალაქისა და 29 კომპანიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოფილ პრესსპიკერ იულია მენდელის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა.
როგორც პრეზიდენტის ვებგვერდი იუწყება, ზელენსკიმ ხელი მოაწერა სამ ბრძანებულებას, რომლებითაც ძალაში შეიყვანა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებები რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების, რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხთან“ დაკავშირებული საწარმოებისა და პირების, ასევე რუსეთის აგრესიის გამამართლებელი პროპაგანდისტების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.
იულია მენდელი ზელენსკის პრესსპიკერის თანამდებობას 2019 წლის 3 ივნისიდან 2021 წლის 9 ივლისამდე იკავებდა. თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ მან პრეზიდენტისა და მისი გუნდის წინააღმდეგ არაერთი განცხადება გააკეთა.
სანქციების სიაში 20 საზღვაო გემი შევიდა, რომლებსაც რუსეთი ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და თხევადი გაზის ექსპორტისთვის იყენებს. ერთ-ერთი გადაწყვეტილების საფუძველზე სანქციები დაუწესდა რუსეთის 29 მოქალაქესა და 29 რუსულ კომპანიას. მათ შორის არიან საწარმოები, რომლებიც მაღალი სიზუსტის სამრეწველო აღჭურვილობის, ელექტრონიკის, რაკეტებისა და დრონების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების მიწოდების ჯაჭვებში არიან ჩართული.
ასევე, დაწესდა შეზღუდვები ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მწარმოებელი საწარმოების, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ტექნიკური დოკუმენტაციის შემმუშავებელი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წინააღმდეგ.