ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა უკრაინის მოკავშირეებს, მოხსნან შეზღუდვები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე შორი მანძილიდან დარტყმებს ეხება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა უკრაინის მოკავშირეებს, მოხსნან შეზღუდვები, რომლებიც ეხება რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე შორი მანძილიდან დარტყმებს, თუ მათ სურთ, რომ უკრაინამ გამარჯვება მოიპოვოს.
„თუ გვინდა, გავიმარჯვოთ, თუ გვინდა, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და დავიცვათ იგი, უნდა მოვხსნათ ყველა შეზღუდვა. მე ამის შესახებ ვესაუბრე პარტნიორებს, დიდი ბრიტანეთის ლიდერს, შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ნატო-ს გენერალურ მდივანს და მე ამ თემას ძალიან კონკრეტული ფაქტებით წამოვწევ წინ“, – აღნიშნა ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ პარტნიორები შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამასთან, როგორც ზელენსკიმ განმარტა, მას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა ბრიტანეთის ლიდერთან.
„ყოველი ნაბიჯი ნამდვილად გვაახლოებს ნატო-ს წევრობასთან. ჩვენ ვაკეთებთ და განვაგრძობთ ყველაფერის კეთებას, რათა დადგეს დღე, როდესაც უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ალიანსისთვისაც წარმატებული იქნება.
„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ჩვენს მიზანთან. ვფიქრობ, შემდეგი ნაბიჯი იქნება მოწვევა და შემდეგ – გაწევრიანება. გასაგებია, რომ ნატო-ში არ ვიქნებით, ვიდრე უკრაინაში ომი იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საუბარი, რომ უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანება წარმატებაა. ვფიქრობ, ეს ორივესთვის წარმატებაა. ჩვენ ვაძლიერებთ ნატო-ს. ჩვენ გვყავს ძლიერი ჯარი და ჩვენ ვიბრძვით ტირანი პუტინის წინააღმდეგ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.