ვოლოდიმირ ზელენსკი - წინასწარი ცნობებით, რუსები ცდილობენ, ჩრდილოკორეელების დანაკარგი დამალონ
ვოლოდიმირ ზელენსკი - წინასწარი ცნობებით, რუსები ცდილობენ, ჩრდილოკორეელების დანაკარგი დამალონ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსული მხარე, სავარაუდოდ, ცდილობს, ჩრდილოკორეელი სამხედროების დანაკარგი დამალოს. ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„მთავარსარდალმა მაცნობა რუსეთის არმიის მხარეს ბრძოლებში ჩრდილოკორეელი სამხედროების მონაწილეობის შესახებ, არსებობს ამ ძალების განადგურებასთან დაკავშირებითაც ბევრი დეტალი. წინასწარი ცნობებით, რუსები ცდილობენ, ჩრდილოკორეელების დანაკარგი დამალონ. უკრაინის თავდაცვის ძალები და ჩვენი დაზვერვა არკვევს სრულ ინფორმაციას რუსეთის ქვედანაყოფების რეალური დანაკარგების შესახებ, რომლებშიც ჩართულები არიან ჩრდილოკორეელებიც. სამწუხაროდ, გვიწევს მათგანაც თავის დაცვა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, არ არსებობს არცერთი მიზეზი იმისთვის, რომ ამ ომში ჩრდილოკორეელებიც იღუპებოდნენ.

მანამდე უკრაინელმა სამხედროებმა გამოაქვეყნეს კურსკის ოლქში მოკლული რუსი და ჩრდილოკორეელი სამხედროების ფოტო და ვიდეოკადრები.