ვოლოდიმირ ზელენსკი - ვხედავ, როგორი ზეწოლით მიაღწია ტრამპმა მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში, ვიმედოვნებ, იმავე ან უფრო ძლიერ ზეწოლას გამოიყენებს პუტინის მიმართ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთზე იმ დონის ზეწოლას გამოიყენებს, როგორსაც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად მიმართა.
„ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ მომცა იმედი. ვხედავ, თუ როგორი ზეწოლით მიაღწია პრეზიდენტმა ტრამპმა მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში. ვიმედოვნებ, რომ იმავე მეთოდებს ან კიდევ უფრო ძლიერ ზეწოლას გამოიყენებს პუტინის მიმართ, რათა შეაჩეროს ომი უკრაინაში. ამაზე უკვე ვისაუბრე პრეზიდენტთან“, – აღნიშნა ზელენსკიმ „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა მას უთხრა, რომ „ფიქრობდა, პუტინს უფრო ადრე შეაჩერებდა, ვიდრე ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწევდა“.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, დონალდ ტრამპთან საუბრისას აღნიშნა, რომ პუტინზე ზეწოლის მოსახდენად ორი რამ არის საჭირო – საჰაერო თავდაცვა და შორ მანძილზე მოქმედი იარაღი. ჟურნალისტის კითხვაზე, დაეთანხმა თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების გადაცემას, ზელენსკიმ უპასუხა: „ჩვენ ვმუშაობთ ამაზე და ველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას“.