ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას აუცილებელი შეიარაღება და ტექნიკა უფრო ადრე რომ მიეღო, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას აუცილებელი შეიარაღება და ტექნიკა უფრო ადრე რომ მიეღო, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა

უკრაინას აუცილებელი შეიარაღება და ტექნიკა უფრო ადრე რომ მიეღო, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში მოქალაქეების მასობრივ მკვლელობებზე სასანქციო პასუხი, როგორც იქნა, მძლავრი იქნება.

„ნუთუ საჭირო იყო ამის ლოდინი ეჭვებისა და გაუბედაობის უკუგდებისთვის? ნუთუ საჭირო იყო, რომ ასობით ჩვენი ადამიანი დაღუპულიყო ტანჯვაში, რათა ევროპის ზოგიერთ ლიდერს საბოლოოდ გაეგო, რომ რუსეთის სახელმწიფო იმსახურებს მაქსიმალურად მკაცრს ზეწოლას? ეს გულს უგლეჯს თითოეულ უკრაინელს. ეს მე მიგლეჯს გულს, რადგან მხოლოდ ახლა გვესმის მსოფლიო ლიდერებისგან განცხადებები, რომლებიც დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო, როდესაც ყველაფერი აბსოლუტურად გასაგები იყო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ უნდა მიიღოს ყველა საჭირო იარაღი, რათა რაც შეიძლება სწრაფად განდევნოს თავისი მიწიდან ოკუპანტები და გაათავისუფლოს ქალაქები.

„მე თქვენ არ გადანაშაულებთ, მხოლოდ რუს სამხედროებს ვადანაშაულებ. თუმცა, თქვენ შეგეძლოთ დახმარება. მე ამის თქმას გავაგრძელებ ყველასთან, ვისზეც დამოკიდებულია უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.