ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა საკუთარი ბალისტიკური რაკეტების შექმნაზე მუშაობს, ტესტირებებმა დიდი პოტენციალი აჩვენა
უკრაინა საკუთარი ბალისტიკური რაკეტების შექმნაზე მუშაობს, ტესტირებებმა დიდი პოტენციალი აჩვენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას აღნიშნა, უკრაინა და პარტნიორები ერთობლივ ევროპულ ანტიბალისტიკურ სისტემა FREYJA-ზე მუშაობენ და ამ ეტაპზე აღნიშნულ პროგრამას უკვე ათი ქვეყანა შეუერთდა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა შეძლებს საკუთარი რაკეტისა და გამშვები დანადგარის წარმოებას, ხოლო პარტნიორები უზრუნველყოფენ აუცილებელ კომპონენტებს – რადარებს, სენსორებსა და სხვა კრიტიკულ ელემენტებს.
„მადლობელი ვარ ყველა კომპანიის, რომელიც მზად არის, იმუშაოს ანტიბალისტიკური კოალიციის ფარგლებში. ესენი არიან ევროპის წამყვანი კომპანიები. უკრაინას შეუძლია საკუთარი რაკეტისა და გამშვები დანადგარის წარმოება, ხოლო ჩვენი პარტნიორები მოგვაწვდიან საჭირო კომპონენტებსა და კრიტიკულ ელემენტებს – რადარებს, სენსორებს და ყველაფერს, რაც აუცილებელია. ევროპისთვის სასარგებლო იქნება, თუ მას ექნება საკუთარი, ნამდვილად მასშტაბური ანტიბალისტიკური პროგრამა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად შეუერთდეს იმ მცირე რაოდენობის სახელმწიფოებს, რომლებმაც საკუთარი ანტიბალისტიკური სისტემები შექმნეს.
„მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყანამ შექმნა ასეთი ანტიბალისტიკური პროექტი. უკრაინა ამ სახელმწიფოთა ჯგუფში უნდა შევიდეს. ჩვენ ამისთვის ყველა აუცილებელ პირობას ვქმნით. სხვებმა თავიანთი სისტემების შექმნას ათწლეულები მოანდომეს. უკრაინამ ეს მაქსიმალურად სწრაფად უნდა გააკეთოს, რათა 2026-2027 წლებში უკვე მივიღოთ კონკრეტული შედეგები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა კვლავ რუსეთის სარაკეტო დარტყმებია.
„საჭიროა პირდაპირი მოლაპარაკებები, პირდაპირი კონტაქტები და ახალი შეთანხმებები. შეერთებულმა შტატებმა ზუსტად იცის, რა გვჭირდება და ეს არ არის რაღაც აბსტრაქტული საკითხი. ეს ჩვენი სიცოცხლის დაცვას ეხება. ეს კონკრეტულ ადამიანებს ეხება. საჰაერო თავდაცვა აუცილებელია და ამისთვის საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილებები – როგორც ევროპაში, ასევე დიდი შვიდეულის ქვეყნებში. სამწუხაროდ, ბევრი ქვეყნის სანქციების სიებში ჯერ კიდევ არის ხარვეზები. დაუშვებელია, რომ დღესაც რუსეთის სამხედრო მრეწველობას, რომელიც ადამიანების მკვლელობებისთვის მუშაობს, კვლავ ჰქონდეს წვდომა გლობალურ ბაზრებზე. ეს წვდომა უნდა დაიბლოკოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.