ვოლოდიმირ ზელენსკი – სამწუხაროდ, პენტაგონი აჭიანურებს იმ რაკეტების მიწოდებას, რომელთა საფასურიც პარტნიორებმა უკვე გადაიხადეს, მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის მიზანიც ჩვენი მხარდაჭერის შენელებაა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში ომთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, შეიარაღების მიწოდების შეფერხება და დაზვერვის მონაცემების გაზიარებაზე დაწესებული შეზღუდვები, „ძნელად ასახსნელია“.
„საბოლოოდ, ყველაფერი უკავშირდება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უარს, დაასრულოს ეს ომი და ამერიკული მხარის ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელთა ახსნაც რთულია“, – განაცხადა ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრისას.
ზელენსკის თქმით, უკრაინას სრულყოფილი განმარტება არ მიუღია იმ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომლებიც Starshield-ის სისტემის გამოყენებას ეხება. ეს სისტემა უკრაინას თავდაცვისთვის სჭირდება.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გასული კვირის განმავლობაში, სამი იერიშის დროს უკრაინამ პარტნიორებისგან თავდასხმის შესახებ წინასწარი გაფრთხილება ვერ მიიღო, რომელსაც, როგორც წესი, ისინი აწვდიან.
„ასევე ვიცით, რომ, სამწუხაროდ, პენტაგონი აჭიანურებს იმ რაკეტების მიწოდებას, რომელთა საფასურიც ჩვენმა პარტნიორებმა PURL-ის პროგრამის ფარგლებში უკვე გადაიხადეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, რაკეტების ერთ-ერთი პარტიის მიწოდებას აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის ხელმოწერა აფერხებს.
„ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ მიღებულია გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის მიზანიც ჩვენი მხარდაჭერის შენელებაა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, 30 დღით შეაჩეროს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, როგორც ამას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოითხოვს, იმ პირობით, თუ ვაშინგტონი უკრაინას „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის განკუთვნილ რაკეტებს მიაწვდის.
გარდა ამისა, ზელენსკის იმედი აქვს, რომ უახლოეს დღეებში უკრაინის დელეგაცია ნორვეგიაში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდება.