ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთში 9 მაისის აღლუმზე შესაძლოა, უკრაინულმა დრონებმაც გადაიფრინონ
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთში 9 მაისის აღლუმზე შესაძლოა, უკრაინულმა დრონებმაც გადაიფრინონ

რუსეთში 9 მაისის აღლუმზე შესაძლოა, უკრაინულმა დრონებმაც გადაიფრინონ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ერევანში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი აღარ არის ისეთი ძლიერი, როგორც ადრე.

„რუსეთმა 9 მაისს აღლუმი გამოაცხადა, თუმცა ამ აღლუმზე სამხედრო ტექნიკა არ იქნება. თუ ეს სიმართლეა, ეს იქნება პირველი შემთხვევა მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ისინი ვერ შეძლებენ აღლუმზე იარაღის წარმოდგენას. შესაძლოა, ამ აღლუმზე უკრაინულმა დრონებმაც გადაიფრინონ. ეს აჩვენებს, რომ ისინი აღარ არიან ისეთი ძლიერები, როგორებიც ადრე იყვნენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, მათ შორის სანქციების მეშვეობით.

„ეს ზაფხული იქნება მომენტი, როდესაც პუტინი გადაწყვეტს, რა გააკეთოს შემდეგ: გააფართოოს ეს ომი თუ დიპლომატიურ საშულებებზე გადავიდეს. ჩვენ ის დიპლომატიისკენ უნდა წავიყვანოთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვიდრე ომი გრძელდება, უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს.

„დახმარების ყველა პაკეტი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვა. PURL პროგრამაში ნებისმიერი წვლილი ასევე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჭირდება პაკეტები, რომლებიც დაგვეხმარება რაკეტებისგან თავის დაცვაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ევროპის ქვეყნებს სთავაზობს დრონების წარმოების შესახებ შეთანხმებების დადებას, რათა ყველა ქვეყანა გაერთიანდეს, ეს ეხება უკრაინული დრონების წარმოების ტექნოლოგიას.

„ჩვენ ნამდვილად გვჭირდება, რომ ევროპას ჰქონდეს კარგი დაცვა ევროპაში პოტენციური დრონების თავდასხმებისგან. ეს დაცვა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ჰაერში, მიწაზე და ზღვაზე. ერთობლივი წარმოება ნიშნავს ერთობლივ თავდაცვას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ მოუწოდა ევროპულ ქვეყნებს, ყურადღება გაამახვილონ იმაზე, რა უნდა გააკეთონ, თუ რუსეთი უარს იტყვის ომის დასრულებაზე.

„ჩვენ უნდა ვიპოვოთ მოქმედი დიპლომატიური ფორმატი. ევროპა უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენ კონტაქტში ვართ შეერთებულ შტატებთან. ჩვენ გვესმის მათი ხედვა და პოზიცია, მაგრამ რუსეთთან სალაპარაკოდ ერთიანი, საერთო ევროპული ხმის შემუშავება ღირს“, – განაცხადა ზელენსკიმ.