ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ყოველი მომდევნო თავდასხმა უფრო თავხედური და მასშტაბურია, რუსები საუბრობენ დიპლომატიაზე, მაგრამ თავდასხმები მუდმივია, რაც უკვე დიაგნოზია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის ყოველი მომდევნო თავდასხმა უფრო თავხედური და მასშტაბურია. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, სტამბოლში შეხვედრის შემდეგ ერთ კვირაზე მეტია, რუსები საუბრობენ დიპლომატიაზე, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე მუდმივია რუსული თავდასხმები, რაც უკვე დიაგნოზია.
„რუსეთი იმსახურებს სრულმასშტაბიან ზეწოლას ყველაფერზე, რაც შეიძლება გაკეთდეს მათი სამხედრო შესაძლებლობების შესაზღუდად“, – აცხადებს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო სამ დღეში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 900-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, ასევე ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტები.
„ეს არის რუსეთის არჩევანი, არჩევანი ომის გაგრძელებისა და ცხოვრების განადგურების. ახალი და ძლიერი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ – ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები, ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების, ვისაც მშვიდობა სურს. ეს იქნება რუსეთის გარანტირებული იძულება არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტისკენ, არამედ იძულება, რომ ყველამ უნდა სცეს პატივი მშვიდობას. პუტინმა უნდა დაიწყოს იმ ადამიანების პატივისცემა, ვისთანაც საუბრობს. ამჟამად ის უბრალოდ თამაშობს დიპლომატიითა და დიპლომატებით. ეს უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.