ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსებმა, ფაქტობრივად, უკვე დაიწყეს დამატებითი მობილიზაცია, ისინი სხვადასხვა მეთოდით გაწვეულ ადამიანთა რაოდენობას ზრდიან, ასევე გეგმავენ უცხოელთა ჩართვის გაფართოებას

01:10, 29.09.2026

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსებმა დამატებითი მობილიზაცია დაიწყეს და უკრაინის წინააღმდეგ ომში უფრო მეტი უცხოელის ჩართვას გეგმავენ.

„ფაქტობრივად, რუსებმა უკვე დაიწყეს დამატებითი მობილიზაცია. ისინი სხვადასხვა მეთოდით გაწვეულ ადამიანთა რაოდენობას ზრდიან. ასევე გეგმავენ უცხოელთა ჩართვის გაფართოებას. მნიშვნელოვანია, რომ იმ ქვეყნების მთავრობებმა, საიდანაც რუსეთი ადამიანებს საკუთარ არმიაში იზიდავს, ამას წინააღმდეგობა გაუწიონ. თითოეულ მთავრობას ამის შესახებ ინფორმაციას მივაწვდით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, მან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ანგარიში მოისმინა რუსეთის გეგმების შესახებ. კერძოდ, უკრაინას აქვს ახალი ინფორმაცია რუსეთში ჩრდილოკორეელი სამხედროების ჩართვის შესახებ.

უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის ტერიტორიაზე 8 000-ზე მეტი ჩრდილოკორეელი სამხედრო იმყოფება. გარდა ამისა, უკრაინის ლიდერის თქმით, კიდევ 10 000 სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი კონტინგენტის განთავსება მზადდება. მათი შერჩევა მიმდინარეობს წვრთნის გასავლელად და შემდგომ რუსეთში გადასაყვანად.

„რუსეთი ამისთვის, მათ შორის, ტექნოლოგიებით იხდის, ხოლო ასეთი დახმარების სანაცვლოდ, რუსეთის ტექნიკური მხარდაჭერით, ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე „შაჰედის“ ტიპის დამრტყმელი დრონების წარმოება ამოქმედდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი