ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთს მოუწოდებს, გამოიჩინოს ლიდერობა საავიაციო კოალიციაში და დაეხმაროს უკრაინას „ეფ-16“-ის ტიპის თანამედროვე გამანადგურებლების მიღებაში
ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთს მოუწოდებს, გამოიჩინოს ლიდერობა საავიაციო კოალიციაში და დაეხმაროს უკრაინას „ეფ-16“-ის ტიპის თანამედროვე გამანადგურებლების მიღებაში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთს მოუწოდებს, გამოიჩინოს ლიდერობა საავიაციო კოალიციაში და დაეხმაროს უკრაინას „ეფ-16“-ის ტიპის თანამედროვე გამანადგურებლების მიღებაში, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან ერთად სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„როდესაც ბრძოლა საჭიროებს არტილერიას, საჭიროა მისი მიწოდება. როდესაც ბრძოლა საჭიროებს ტანკებს, მათი გრუხუნი უნდა ისმოდეს წინა ხაზზე. როდესაც დამოუკიდებლობა საჭიროებს საჰაერო ძალებს, არ უნდა მიექცეს ყურადღება, რა რეაგირება ექნება რუსეთს ჩვენთვის თვითმფრინავების გადაცემაზე, არ ღირს იმაზე ფიქრი, რომელი რიცხვი გამოიყურება უფრო უსაფრთხოდ „ეფ“ ასოსთან – „ეფ-16“ თუ რომელიმე სხვა. საჭიროა მოქმედება. მოქმედება ისე, როგორც თქვენმა ლიდერობამ გამოიჩინა თავი სატანკო კოალიციაში. მჯერა, რომ ეს ლიდერობა გამოჩნდება საავიაციო კოალიციაშიც“, – განაცხადა ზელენსკიმ.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთმა უკრაინას უკვე გადასცა „მიგ-29“-ის ტიპის ოთხი ავიაგამანადგურებელი და კიდევ ათის მიწოდებას გეგმავს.

თავის მხრივ, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ უკრაინას დაუყოვნებლივი სამხედრო დახმარება სჭირდება.

„ამ ომის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია, უკრაინას სჭირდება მხარდაჭერა და თანამედროვე შეიარაღების მიწოდების გაგრძელება. პოლონეთი იყო და არის ერთ-ერთი ლიდერი ამ მხარდაჭერაში. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინ იცავს თავის სახლს, ვინ იცავს თავის ერს, ვინ იცავს თავის ქალაქებსა და სოფლებს, ვინ იცავს თავის მოქალაქეებს. საჭიროა დაუყოვნებლივი დახმარება. მოცდის დრო არ არის“, – განაცხადა დუდამ.