ვოლოდიმირ ზელენსკი - ნათელი გახდა ყველასთვის, მათთვისაც კი, ვინც სამი წლის განმავლობაში უარს ამბობდა სიმართლის აღიარებაზე, რომ სწორედ პუტინი ახანგრძლივებს ომს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არის ის, ვინც ახანგრძლივებს კონფლიქტს რუსეთსა და უკრაინას შორის.
„ცეცხლის შეწყვეტის წინადადება დიდი ხნის წინ შეიძლებოდა განხორციელებულიყო. ომის დროს ყოველი დღე ადამიანის სიცოცხლეს ნიშნავს. ამ დროისთვის, უკვე თითქმის ერთი კვირაა, რაც აბსოლუტურად ნათელი გახდა ყველასთვის მსოფლიოში, იმათთვისაც კი, ვინც ბოლო სამი წლის განმავლობაში უარს ამბობდა სიმართლის აღიარებაზე, რომ სწორედ პუტინი აგრძელებს და ახანგრძლივებს ამ ომს. უკვე ერთი კვირაა, რაც პუტინს არ შეუძლია, თქვას უბრალო „დიახ“ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე პასუხად“, – აღნიშნა ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.
ზელენსკის თქმით, ის ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს და გაცვალეს პოზიციები აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი სატელეფონო საუბრის წინ.