ვოლოდიმირ ზელენსკი - „მსურველთა კოალიციის“ წევრებთან ვისაუბრეთ, როგორ შევაჩეროთ მკვლელობები რაც შეიძლება მალე, ვმუშაობთ, რომ შევიმუშაოთ საერთო ხედვა, როგორი უნდა იყოს სამშვიდობო შეთანხმება
ვოლოდიმირ ზელენსკი - „მსურველთა კოალიციის“ წევრებთან ვისაუბრეთ, როგორ შევაჩეროთ მკვლელობები რაც შეიძლება მალე, ვმუშაობთ, რომ შევიმუშაოთ საერთო ხედვა, როგორი უნდა იყოს სამშვიდობო შეთანხმება

ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მსურველთა კოალიციის“ წევრებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „მსურველთა კოალიციის“ წევრებთან საუბარი ძალიან სასარგებლო იყო.

„ვაგრძელებთ ჩვენი საერთო პოზიციების კოორდინაციას. უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მკაფიო მხარდაჭერა. ყველა თანხმდება, რომ სახელმწიფოების საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს. ყველა მხარს უჭერს იმას, რომ მნიშვნელოვანი საკითხები უნდა გადაწყდეს უკრაინის მონაწილეობით სამხრივ ფორმატში: უკრაინა, აშშ, რუსეთი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილება, შეუერთდეს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას, ისტორიულია.

„ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს მართლაც ძალიან პრაქტიკული და უზრუნველყოფდეს დაცვას მიწაზე, ცაში და ზღვაზე. ასევე, უნდა შემუშავდეს ევროპის მონაწილეობით. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმაზე, როგორ შევაჩეროთ მკვლელობები რაც შეიძლება მალე. ვმუშაობთ იმაზე, რომ შევიმუშაოთ საერთო ხედვა იმისა, როგორი უნდა იყოს სამშვიდობო შეთანხმება – მართლაც სამართლიანი, სწრაფი და ისეთი, რომელიც იმუშავებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ხვალ ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება. უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, აშშ-ში რამდენიმე ევროპელი ლიდერი ჩავა. თუმცა, მედიის ცნობით, ჯერ ზელენსკისა და ტრამპის ორმხრივი შეხვედრა გაიმართება, შემდეგ კი მათ ევროპელებიც შეუერთდებიან.