ვოლოდიმირ ზელენსკი - მივიღე დაპირება ჯო ბაიდენისგან, რომ უკრაინის თავდაცვითი დახმარება იქნება სწრაფი და მძლავრი
ვოლოდიმირ ზელენსკი - მივიღე დაპირება ჯო ბაიდენისგან, რომ უკრაინის თავდაცვითი დახმარება იქნება სწრაფი და მძლავრი

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა ტელეგრამარხზე გაავრცელა.

როგორც ზელენსკი ამბობს, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სენატის მიერ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის დამტკიცების შემთხვევაში ის დოკუმენტს დაუყოვნებლივ მოაწერს ხელს.

„მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს უკრაინის მხარაჭერისთვის, რომელიც არ სუსტდება, ასევე მისი გლობალური ლიდერობისთვის. მე მივიღე დაპირება ჯო ბაიდენისგან, რომ უკრაინის თავდაცვითი დახმარება იქნება სწრაფი და მძლავრი და ის გააძლიერებს უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებებს, შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას და საარტილერიო შესაძლებლობებს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

მისივე თქმით, ბაიდენთან საუბარში მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან საჰაერო ტერორის გაგრძელებაზე. კერძოდ, რუსეთის მიერ ხარკოვის ტელეანძაზე მიტანილი დარტყმის შესახებ.

ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინასა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების შესახებ ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერისა და მშვიდობის სამიტისთვის მზადებასთან დაკავშირებული საკითხები.