ვოლოდიმირ ზელენსკი - კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის სარაკეტო დარტყმა ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თავხედური ტერორისტული აქტია
ვოლოდიმირ ზელენსკი - კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის სარაკეტო დარტყმა ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თავხედური ტერორისტული აქტია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმა ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თავხედური ტერორისტული აქტია. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის ინფორმაციით, საჰაერო განგაშის გამოცხადებისას სავაჭრო ცენტრში მყოფი მოქალაქეებიდან ბევრმა შენობიდან გამოსვლა მოასწრო.

„დღევანდელი რუსული დარტყმა კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თავხედური ტერორისტული აქტია. მშვიდობიანი ქალაქი, ჩვეულებრივი სავაჭრო ცენტრი, შიგნით ქალები, ბავშვები, ჩვეულებრივი მოქალაქეები… საჰაერო განგაშის გამოცხადებამდე შენობაში ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა. საბედნიეროდ, რამდენადაც ეს ახლა ცნობილია, ბევრმა გამოსვლა მოასწრო. მათი გამოყვანა მოასწრეს. თუმცა, შიგნით კიდევ რჩებოდა ხალხი: თანამშრომლები, კლიენტების ნაწილი… ასეთ ობიექტზე დარტყმის განხორციელება შეუძლიათ მხოლოდ ყველაზე ცივსისხლიან ტერორისტებს, რომელთა ადგილი დედამიწაზე არ უნდა იყოს. და ეს არ არის რაკეტის შემთხვევითი მოხვედრა, ეს არის წინასწარ გათვლილი რუსული დარტყმა სწორედ ამ სავაჭრო ცენტრზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია, სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ხანძარი გაჩნდა 10 000 კვადრატული მეტრის ფართობზე. ზელენსკის თქმით, კრემენჩუკში გაემგზავრნენ ექიმები კიევიდან, ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ხარკოვის ოლქის დაბომბვის შედეგად, დაიღუპა ხუთი და დაშავდა 30 ადამიანი, მათგან ხუთი ბავშვი.

მან მოუწოდა მოქალაქეებს, როგორც კი საჰაერო განგაშის სირენებს გაიგებენ, თავშესაფრებს მიაშურონ, რადგან ზელენსკის თქმით, „რუსეთი არაფრის წინაშე არ გაჩერდება“.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მან აშშ-ისა და „დიდი შვიდეულის“ სხვა ლიდერებს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებისკენ მოუწოდა.

„დღეს მე მივმართე აშშ-ს მოწოდებით, აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. შესაბამისი რეზოლუცია შეთანხმებულია აშშ-ის სენატის კომიტეტის მიერ, იურიდიული გადაწყვეტილების მიღება კი სახელმწიფო დეპარტამენტს შეუძლია. აშკარაა, რომ ასეთი გადაწყვეტილება საჭიროა და მას მხარი უნდა დაუჭიროს მთელმა დემოკრატიულმა მსოფლიომ. მე ამის შესახებ ვუთხარი გერმანიაში გამართული „დიდი შვიდეულის“ სამიტის ლიდერებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ომის ოთხი თვის განმავლობაში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული რაკეტების, ავიაბომბების, რეაქტიული არტილერიის ჭურვების რაოდენობა ცხადყოფს, რომ ეს არის ტერორი.

„რუსეთის სახელმწიფო გახდა მსოფლიოში უმსხვილესი ტერორისტული ორგანიზაცია. ეს არის ფაქტი. ეს უნდა იყოს ასევე იურიდიული ფაქტი. მსოფლიოში ყველამ უნდა იცოდეს, რომ რუსული ნავთობის ყიდვა და ტრანსპორტირება, რუსულ ბანკებთან კავშირების შენარჩუნება, რუსეთის სახელმწიფოსთვის გადასახადების გადახდა ნიშნავს ტერორისტებისთვის ფულის მიცემას“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა მიმართვაში.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს უთხრა, რომ მათი და უკრაინის საერთო პოტენციალი საკმარისია რუსეთის არმიის დასამარცხებლად, რადგან მან არ იცის, როგორ იომოს და არ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა.

„ამიტომ ომი შეიძლება, არ გაჭიანურდეს, თუ ყველა ერთად შევძლებთ ოკუპანტებზე ზეწოლას და მათ განდევნას ჩვენი უკრაინული მიწიდან. რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უფრო მეტი სიცოცხლე შენარჩუნდება. ჯერ კიდევ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე ჩვენ ვეუბნებოდით პარტნიორებს, რომ გვჭირდება თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა. ვიმეორებდით ამას 24 თებერვლის შემდეგაც. კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრში ადამიანები იმსახურებდნენ უსაფრთხოებას ისევე, როგორც ადამიანები მსოფლიოს ნებისმიერ სავაჭრო ცენტრში – სადღაც ფილადელფიაში ან თელ-ავივში, ან სავაჭრო გალერეაში სადმე დრეზდენში. მსოფლიოს შეუძლია და ესე იგი უნდა შეაჩეროს რუსული ტერორი. და ახლა მე შემიძლია ამის თქმა – მე ეს გავიგონე ჩვენი პარტნიორებისგან. უკრაინამ უნდა მიიღოს საიმედო რაკეტსაწინააღმდეგო დაცვა, ჩვენ ველოდებით შესაბამისი სისტემების მიწოდებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

დატოვე კომენტარი