ვოლოდიმირ ზელენსკი – კიევზე თავდასხმა არჩევნებისთვის პუტინის მზადების ნაწილია, თუმცა, მსხვერპლი ამდენი არ იქნებოდა, დასავლელ პარტნიორებს ვალდებულებები რომ შეესრულებინათ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევზე განხორციელებული მასირებული სარაკეტო იერიშის შემდეგ დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა, დროულად შეასრულონ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებები.
„რა თქმა უნდა, პუტინს არჩევნები აქვს. არჩევნები სექტემბერშია. ჩვენ ჩვენი სახელმწიფო უნდა დავიცვათ. მას სექტემბერში არჩევნები აქვს და სჭირდება ერთიანი საზოგადოება, რომელიც მის პარტიას, „ერთიან რუსეთს“ მხარს დაუჭერს. ამიტომაც სჭირდება ეს ყველაფერი. მას ქაოსის ეშინია. საჭიროა ძალის ჩვენება. ბრძოლის ველზე ასეთი ძალა აღარ აქვს და სწორედ ამიტომ აჩვენებს ძალას მსგავსი მასირებული თავდასხმებით. სწორედ ეს ხდება ახლა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია შესაძლო ესკალაციისთვის მზადყოფნა, ამიტომ უკრაინას უწყვეტი სამხედრო დახმარება და საჰაერო თავდაცვის საშუალებები სჭირდება. კითხვაზე, უპასუხებს თუ არა უკრაინა ამ თავდასხმას და განხორციელდება თუ არა დარტყმა მოსკოვზე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ პასუხი სამართლიანი იქნება.
„თქვენ იცით, რომ ჩვენ სამართლიანი მშვიდობისა და ომის სამართლიანი დასრულებისთვის ვიბრძვით. ვიდრე ეს არ დადგება, ჩვენი პასუხებიც სამართლიანი იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო რაკეტების მიწოდების შეფერხებაზე და აღნიშნა, რომ ზოგიერთი პარტნიორი ქვეყანა შეთანხმებულ ვალდებულებებს არ ასრულებს.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ – მაქსიმალურად ვახდენთ ზეწოლას და ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. არიან ქვეყნები, რომლებთანაც შეთანხმება უკვე მიღწეულია და თანხაც გადახდილია. მაგალითად, ნორვეგიასთან შევთანხმდით 200 რაკეტის დაფინანსებაზე, მაგრამ ამ 200 რაკეტიდან დღემდე არცერთი არ მიგვიღია. ამიტომაც არის ასეთი რეაქცია. არავინ ნერვიულობს, ეს უბრალოდ არ არის სამართლიანი. ჯერ უნდა ვიპოვოთ ფული ამ რაკეტებისთვის, შემდეგ კი კიდევ ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ რაკეტებიც გადმოგვცენ. ვფიქრობ, ამ საკითხში ერთიანი გუნდი უნდა ვიყოთ – არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ უკრაინელები, ევროპელები და ამერიკელები ერთად, რომლებიც გვპირდებოდნენ და კვლავ გვპირდებიან მხარდაჭერას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის წარმატებები, მათ შორის ყირიმში განხორციელებული ოპერაციები, მხოლოდ აპლოდისმენტებით არ უნდა შემოიფარგლოს.
„ტაში საკმარისი არ არის. ეს იმ დღისთვის შემოინახონ, როცა ომი დასრულდება, მშვიდობა დადგება და პუტინზე გამარჯვებას ვიზეიმებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინას განსაკუთრებით სჭირდება საჰაერო თავდაცვის რაკეტები, რადგან რუსეთი სულ უფრო ხშირად იყენებს ბალისტიკურ იარაღს.
„ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს ამ რაოდენობის რაკეტები. მხოლოდ ერთი თავდასხმის დროს 74 რაკეტა იყო გაშვებული. ფრთოსან რაკეტებს დრონების საწინააღმდეგო საშუალებებით ვერ ჩამოაგდებ, ამას საჰაერო თავდაცვის სისტემები აკეთებენ. დიახ, სხვადასხვა ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები გვაქვს, მაგრამ ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება მხოლოდ „პეტრიოტებს“ შეუძლიათ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, პარტნიორებს რომ დროულად შეესრულებინათ საკუთარი დაპირებები, უკრაინა დღეს ადამიანებისა და საცხოვრებელი სახლების გადარჩენას შეძლებდა.
„ამ ეტაპზე მიწოდების დეტალებზე საუბარს არ ვაპირებთ. ვფიქრობ, ეს ჩვენი პარტნიორების მთავარი პრობლემაა. ერთი მხრივ, მათი დიდი მხარდაჭერისთვის მადლობელი ვართ, მაგრამ მეორე მხრივ, დღეს ჩვენ თვითონ ვიბრძვით და ამ ომის მსხვერპლი მხოლოდ უკრაინელები არიან. პარტნიორებისგან მეტს არაფერს ვითხოვთ, მხოლოდ იმას, რომ შეასრულონ ის, რაზეც შევთანხმდით, რასაც ხელი მოაწერეს ან დაგვპირდნენ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.