ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევის, ჩერნიგოვის, სუმის ოლქების გათავისუფლებულ რაიონებში ოკუპანტები აკეთებდნენ ისეთს, რაც ადგილობრივებს ნაცისტური ოკუპაციის დროსაც კი არ უნახავთ
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევის, ჩერნიგოვის, სუმის ოლქების გათავისუფლებულ რაიონებში ოკუპანტები აკეთებდნენ ისეთს, რაც ადგილობრივებს ნაცისტური ოკუპაციის დროსაც კი არ უნახავთ

ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა რაც შეიძლება მალე დავადგინოთ რუსი სამხედროების დანაშაულებთან კავშირში მყოფი ყველა პირი, ვაკეთებთ ყველაფერს მათ დასასჯელად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დღეს ნამდვილად მძიმე, ემოციური დღე იყო. ვიმყოფებოდი კიევის ოლქში ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქებში – სტოიანკაში, ირპენში, ბუჩაში. რა თქმა უნდა, ეს ადგილები აღარ გამოიყურება ისე, როგორც გუშინ. მოკლული უკრაინელების ცხედრები უკვე წაიღეს ქუჩების უმეტესობიდან, თუმცა ეზოებში, სახლებში ჯერ კიდევ რჩებიან მოკლულები. ქალაქები დანგრეულია, ქალაქებში დამწვარი სამხედრო ტექნიკაა, დაცხრილულია მანქანები. განსაკუთრებით რთულია, ნახო ნატყვიარები ავტომობილებზე, წარწერით „ბავშვები“. ჩვენ ჯერ მხოლოდ დავიწყეთ ოკუპანტების მიერ ჩადენილის გამოძიება. მხოლოდ ბუჩაში ამ დროისთვის ცნობილია 300-ზე მეტი მოკლული და ნაწამები ადამიანის შესახებ. სავარაუდოდ მსხვერპლთა რიცხვი იქნება გაცილებით დიდი, როდესაც შემოწმდება მთელი ქალაქი. და ეს მხოლოდ ერთი ქალაქია მრავალი უკრაინული დასახლებიდან, რომლის დაპყრობაც რუსმა სამხედროებმა მოახერხეს. უკვე არის ინფორმაცია, რომ ბოროდიანკასა და სხვა გათავისუფლებულ ქალაქებში ოკუპანტების მსხვერპლთა რიცხვი კიდევ უფრო დიდია. კიევის, ჩერნიგოვის, სუმის ოლქების გათავისუფლებულ რაიონებში ოკუპანტები აკეთებდნენ ისეთს, რაც ადგილობრივებს 80 წლის წინ ნაცისტური ოკუპაციის დროსაც კი არ უნახავთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ოკუპანტები ყველა ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს აგებენ.

„ჩვენ უკვე ვაკეთებთ ყველაფერს, რათა რაც შეიძლება მალე დავადგინოთ რუსი სამხედროების ამ დანაშაულებთან კავშირში მყოფი ყველა პირი, ვაკეთებთ ყველაფერს მათ დასასჯელად. ეს იქნება ჩვენი სახელმწიფოს ევროკავშირთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან, კერძოდ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ერთობლივი სამუშაო“,  – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მან ეს საკითხი განიხილა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერთან. ასევე, ავსტრიის კანცლერთან განიხილა მისი უკრაინაში სამომავლო ვიზიტი. ამასთან, რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე, რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე, თავდაცვით და ჰუმანიტარულ თანამშრომლობაზე ზელენსკი ესაუბრა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას.

„ოკუპანტების ყველა დანაშაული ფიქსირდება და ხდება დამნაშავე რუსი სამხედროების მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელი პროცესუალური საფუძვლის უზრუნველყოფა. მინდა, ხაზი გავუსვა: ჩვენ დაინტერესებული ვართ მაქსიმალურად სრულ, გამჭვირვალე გამოძიებაში, რომლის შედეგები ცნობილი და განმარტებული იქნება მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ჩვენ უზრუნველვყოფთ ჟურნალისტების მაქსიმალურ წვდომას ბუჩაში და უკრაინის სხვა გათავისუფლებულ ქალაქებში, ასობით ჟურნალისტისთვის მთელი მსოფლიოდან. ჩვენ დაინტერესებულები ვართ იმაში, რომ იქ ჩავიდეს ათასობით ჟურნალისტი, რაც შეიძლება ბევრი ჟურნალისტი, რომ მთელმა მსოფლიომ ნახოს, რა გააკეთა რუსეთმა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსი პროპაგანდისტების ტაქტიკა კარგად ცნობილია, ისინი მუდმივად ცდილობენ რუსი სამხედროების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების უარყოფას. მისივე თქმით, ისინი ამას აკეთებდნენ მაშინაც, როდესაც დონბასში მალაიზიური ავიახაზების სამგზავრო „ბოინგი“ ჩამოაგდეს და ახლაც იმავეს აკეთებენ – ცრუობენ, ცდილობენ ფაქტების დამახინჯებას.

„როგორც მაშინ, მათ არაფერი გამოუვათ – ისინი ვერ მოატყუებენ მთელ მსოფლიოს. მოვა დრო, როდესაც ყველა რუსი გაიგებს სიმართლეს იმის შესახებ, თუ რომელი მათი თანამოქალაქე კლავდა, ვინ გასცემდა ბრძანებებს, ვინ ხუჭავდა თვალს მკვლელობებზე. ჩვენ ამ ყველაფერს დავადგენთ და მსოფლიოში გავასაჯაროებთ. ახლა 2022 წელია და ჩვენ ბევრად მეტი ინსტრუმენტი გვაქვს, ვიდრე მათ, ვინც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ნაცისტები პასუხისგებაში მისცა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ემზადება ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთით ოკუპანტების უფრო სასტიკი ქმედებებისთვის.

„ვაგრძელებთ აღმოსავლეთ და სამხრეთ მიმართულებით ოკუპანტების კიდევ უფრო სასტიკი ქმედებებისთვის მზადებას. ჩვენ ვიცით, რის გაკეთებას აპირებენ დონბასში. ვიცით, რის გაკეთებას აპირებენ ხარკოვთან, სახელმწიფოს ზოგიერთ სხვა რაიონში. რუსეთი იქ სამხედროებისა და ტექნიკის მნიშვნელოვანი რაოდენობის კონცენტრაციას ახორციელებს. ეს აქტიურობა აჩვენებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციები ცოტაა. იქნება მეტი, თუ რუსეთის ხელისუფლება რეალურად არ დაიწყებს მშვიდობაზე მოლაპარაკებებს, ისინი სახელმწიფოს ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებენ. 90-იანი წლები მაძღარი და მშვიდი მოეჩვენებათ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.