ვოლოდიმირ ზელენსკი – იანვრიდან აგვისტომდე ჩვენმა ძალებმა ეფექტური შეტევითი ოპერაცია ჩაატარეს, რუსეთის დანაკარგებმა, სულ მცირე, 9 550 დაღუპული შეადგინა, გათავისუფლდა 745 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია

19:57, 12.08.2026

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტომდე რუსული ოკუპაციისგან 745 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნა, მათ შორისაა 26 სოფელი. ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე ცნობით, ამავე პერიოდში უკრაინელებმა დაახლოებით 10 000 რუსი სამხედრო მოკლეს, 6 600-ზე მეტი კი დაშავდა.

„მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტომდე ჩვენმა საჰაერო-სადესანტო ძალების მეომრებმა და სხვა დანაყოფებმა ოლექსანდრივსკის სექტორში ეფექტური შეტევითი ოპერაცია ჩაატარეს. ჩვენი ჯარების აქტიური ოპერაციების წყალობით, ოკუპაციის კონტინგენტს მნიშვნელოვანი დანაკარგები მიადგა. რუსეთის დანაკარგებმა, სულ მცირე, 9 550 დაღუპული და 6 600-ზე მეტი დაჭრილი შეადგინა. უკრაინის „ტყვეთა გაცვლის ფონდიც“ შეივსო. ოპერაციის განმავლობაში გათავისუფლდა 745 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. დნეპრის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში 26 სოფელი უკრაინის კონტროლს დაუბრუნდა“, – აცხადებს ზელენსკი.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი და კიევი ოპერაციებს ზუსტად ახორციელებს.

„ჩვენი ეს შეტევითი ოპერაცია ზუსტად განხორციელდა, ზუსტად ისე, როგორც იყო დაგეგმილი. დღეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, მიხაილ დრაპატიმ, გენერალური შტაბის უფროსმა იგორ სკაიბიუკმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო მოიერიშე ძალების მეთაურმა ოლეგ აპოსტოლმა ამ აქტიური ოპერაციების შედეგებისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ ანგარიში წარადგინეს. ვამაყობ უკრაინელი მეომრების სიმამაცით! დიდება უკრაინას!“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მსგავსი