ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს, შეარჩიონ ერთი წარმომადგენელი, რომელიც რუსეთთან მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის სახელით მიიღებს მონაწილეობას

09:57, 11.11.2026

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს, ნოემბრის ბოლომდე შეარჩიონ ერთი წარმომადგენელი, რომელიც რუსეთთან მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის სახელით მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ზელენსკიმ დანიაში ვიზიტის დროს განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მოლაპარაკებებში ევროპის ერთიანი პოზიციის წარმოდგენა კონტინენტის როლს გააძლიერებს, ამასთან, თითოეული ქვეყნის ხმა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნება.

„ვფიქრობ, ეს ნოემბერში უნდა მოხდეს და არა ნოემბრის ბოლოს. უნდა შევთანხმდეთ, ვინ წარმოადგენს ევროპას მოლაპარაკებებში. ეს უკეთესი იქნება, რადგან ამ ადამიანს მოლაპარაკებების მანდატი ექნება და მას მთელი ევროპისგან, მთელი ამ კოალიციისგან მიიღებს. ეს კარგია. ვგულისხმობ, რომ თითოეული ხმა ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსკოვის არ სჯერა, თუმცა იმედი აქვს, რომ მისი ეჭვები არ გამართლდება.

„ჩვენ არ ვენდობით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ვცდებით. იმედის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ მოლაპარაკებებს, რადგან მუშაობა გვინდა. საჭიროა მეტი ზეწოლა. რუსეთზე ზეწოლა საკმარისი არ არის, ეს სიმართლეა. ვფიქრობ, რუსეთზე მეტი ზეწოლა და მათთან ნაკლები ბიზნესურთიერთობა უფრო სასარგებლო იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა დონბასის საკითხზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერიტორიული საკითხები უკრაინელებისთვის განსაკუთრებით მგრძნობიარეა და მათი მხოლოდ მიწის საკითხამდე დაყვანა დაუშვებელია. ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერისგან მიღებულ გზავნილებში ცვლილებებს ხედავს და მოსმენილით კმაყოფილია.

„ცვლილებებს ვხედავ. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ვისმენ. ვნახოთ, რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი. სტივთან და ჯარედთან თავიდანვე ძალიან მკაფიოდ ვსაუბრობდი და ავუხსენი, რომ ეს, როგორ ვთქვა, ჩემი არ არის. ეს ჩვენი ხალხის ქვეყანაა. ეს უძრავი ქონება არ არის. სწორედ ამიტომ, ყველა ეს საკითხი ძალიან მგრძნობიარეა. ეს არ არის მხოლოდ მიწის საკითხი, არ არის კვადრატულ კილომეტრებზე საუბარი. ან მხოლოდ კვადრატულ კილომეტრებზე. ჩვენ ვსაუბრობთ სხვა საკითხებზე, რომლებიც ძალიან მგრძნობიარეა ხალხისთვის და არამხოლოდ ჩემთვის. რა თქმა უნდა, მე დონბასიდან არ ვარ. თუმცა, როგორც პრეზიდენტისა და მოქალაქისთვის, ჩემთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია. მაგრამ, პირველ რიგში, ეს საკითხი იმ ადამიანებისთვისაა განსაკუთრებით მგრძნობიარე, რომლებიც იქ ცხოვრობენ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის განცხადებით, რუსული მხარე ამტკიცებს, რომ დონბასის იმ ტერიტორიის ნახევარი აქვს ოკუპირებული, რომელსაც უკრაინა ამჟამად აკონტროლებს, თუმცა ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.

„რუსებმა განაცხადეს, რომ დონბასის იმ ტერიტორიის ნახევარი აქვთ ოკუპირებული, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ. ეს არ არის, იცით, უბრალოდ ერთი სოფელი, ეს საკმაოდ დიდი, მართლაც დიდი ტერიტორიაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინულმა დელეგაციამ ეს ინფორმაცია უარყო და განმარტა, რომ არსებობს ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ნათლად ჩანს, რომ აღნიშნული ტერიტორია უკრაინის კონტროლქვეშაა.

ზელენსკის განცხადებით, პრობლემა ის არის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი განსხვავებულ ინფორმაციას იღებს და რეალობისგან მოწყვეტილ სურათს ხედავს.

„პრობლემა ისაა, რომ პუტინი, გარკვეულწილად, სხვა საინფორმაციო სივრცეში ცხოვრობს. ეს სხვა რეალობაა. ის, რა თქმა უნდა, ამერიკას ეუბნება: „მომისმინეთ, ერთი, ორი, სამი თვე მჭირდება და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს სრულად დავიკავებ“. რა თქმა უნდა, მეც შემიძლია, მას ისეთი სურათი დავუხატო, თითქოს სრული ოკუპაცია მოხდება, მაგრამ ეს სიმართლე არ არის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი