ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ გვინდა უსაფრთხოების რეალისტური გარანტიები, მაგრამ მათი მოცემა ჯერჯერობით არავის შეუძლია

21:52, 23.08.2026

ჩვენ გვინდა უსაფრთხოების რეალისტური გარანტიები, მაგრამ მათი მოცემა ჯერჯერობით არავის შეუძლია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკული მხრიდან მთავარი მომლაპარაკებლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი რუსეთთან მოლაპარაკებების ფორმატის მოძებნას ცდილობენ, თუმცა მათ უჭირთ ისეთი სცენარის პოვნა, რომლის პირობებშიც მოსკოვი ომის შეწყვეტას უკრაინის მიერ დონბასის დატოვების და, როგორც მან აღნიშნა, სხვა „უღირსი გადაწყვეტილებების“ მიღების გარეშე დათანხმდებოდა.

როგორც ზელენსკი ამბობს, რუსეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ უკრაინამ დონბასი დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებს, რომ მას თავად დაიკავებს, დანაკარგების მიუხედავად.

„აქ ერთი კითხვა მიჩნდება: ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ ისინი უფრო შორს არ წავლენ? მე ვამბობ, რომ ამ ეტაპზე არც ამერიკას, არც ევროპას და არც სხვას არ შეუძლია ასეთი გარანტიის მოცემა. თუმცა ცნობილია, რომ რუსებს უფრო შორს წასვლა სურთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის ნატო-ს ალტერნატივას არ ეძებს, თუმცა სურს რეალისტური უსაფრთხოების გარანტიები, რომელთა უზრუნველყოფაც აშშ-ს შეუძლია, ამერიკელები კი ჰპირდებიან, რომ კიევი მიიღებს იმას, რაც მას სჭირდება, როგორც კი ისინი დაინახავენ, რომ რუსეთი ომის დასრულებისთვის მზად არის, ანუ მაშინ, როდესაც უკრაინა დონბასის დატოვებას დათანხმდება.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს სიძლიერის მიმართ ყველა სკეპტიკურად არის განწყობილი, თუმცა ჯერჯერობით ნატო-ს არცერთ წევრ ქვეყანაზე თავდასხმა არ მომხდარა.

„თუ ნატო-ში ხარ, სხვადასხვა შესაძლებლობა გეხსნება, დაწყებული ფინანსებით და დამთავრებული შეიარაღების სფეროში თანამშრომლობით. ჩვენ ახლა 30 მილიარდი დოლარის დეფიციტი გვაქვს და ამას კიდევ 27 მილიარდი ემატება. ნატო-ს ბიუჯეტის ნაწილი რომ ვიყოთ, გაცილებით ძლიერები ვიქნებოდით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ომის დასრულებისთვის შესაძლებლობის ფანჯარა აშშ-ში „დიდი ოცეულის“ სამიტიდან 2027 წლის ზაფხულის ბოლომდე გრძელდება, რადგან ამის შემდეგ ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყება.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ეს არის ყველაზე აქტიური პერიოდი, როდესაც დიპლომატიამ, შეიძლება, ომის დასრულებამდე მიგვიყვანოს. ისინი აშშ-ში არჩევნებამდე ვერ მოასწრებენ, ეს ჩვენ გვესმის. პუტინს მუდმივად ძალის დემონსტრირება სურს, არ უნდა არანაირ დიალოგზე წასვლა და მაქსიმალური ესკალაცია სურს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი