ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელ პარტნიორებს თუ შეუძლიათ, უზრუნველყონ რუსეთის გულწრფელი მზადყოფნა, რომ დასრულდეს ომი, უკრაინაც გადადგამს ნაბიჯებს დეესკალაციისკენ

00:44, 15.09.2026

არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე წინადადება კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების ორმხრივი შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, თუ შესაძლებელია, აღნიშნული წინადადება გახდეს დეესკალაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი, მაშინ უკრაინა მზად არის, დეესკალაციას მხარი დაუჭიროს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსები გრძნობენ ზეწოლას რუსეთის სამხედრო ეკონომიკაზე ჩვენი ზუსტი დარტყმების გამო. ჯერჯერობით არავის უნახავს ომის დასრულების რეალური მზაობა რუსეთის მხრიდან. თუმცა, თუ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს შეუძლიათ, უზრუნველყონ რუსეთის გულწრფელი მზადყოფნა, რომ დასრულდეს ეს ომი, რომელიც სიცოცხლის განადგურებისკენაა მიმართული, და ეს გაკეთდეს გულწრფელად და გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინაც გადადგამს ნაბიჯებს დეესკალაციისკენ. მშვიდობა აუცილებელია. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, სურსათის მიწოდების მარშრუტები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა – ეს ყველაფერი უნდა გახდეს დარტყმების შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი დისკუსიის ნაწილი. საჭიროა მტკიცე და სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც არ იქნება გათვლილი მხოლოდ არჩევნებზე, არამედ იმოქმედებს მთელი პერიოდის განმავლობაში. ჩვენი პარტნიორებისგან კონკრეტულ წინადადებებს ველოდებით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი